სამართალი
ომბუდსმენის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ბოლო დასკვნით, რომელიც 4 აპრილს გამოქვეყნდა, წინა, თებერვლის ვიზიტის შემდეგ, სააკაშვილის მდგომარეობა „დამძიმდა“.

ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“, სადაც იგი გასული წლის მაისიდან მკურნალობს, 2 აპრილს, არასამუშაო დღეს მოინახულეს, რის გამოც პაციენტის მკურნალ ექიმთან გასაუბრება ან ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოახერხეს.

ექიმების დასკვნით, სახეზეა: მძიმე სარკოპენია; კუნთების განლევა; კახექსიის მძიმე 4 სტადია; ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით. აგრეთვე, კვლავ ვლინდება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია“.

კონსილიუმის თქმით, სააკაშვილს კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე წონაში კიდევ 4 კგ აქვს დაკლებული და სისუსტის გამო გადაადგილება მნიშვნელოვნად უჭირს. წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 120/90-დან 78/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა.

ექიმების განმარტებით, პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში და მისი კრიტიკულ წონა 52-53 კილოგრამია, რის შემდეგაც „დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები“. წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას“.

ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის, რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით“, – ნათქვამია კონსილიუმის დასკვნაში.