აქტუალური
პრეზიდენტი უკრაინელებს: ჩვენ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი მეომრებისა და მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ვილნიუსში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამჭერ შეხვედრაში, რომელიც კათედრალის მოედანზე ბუჩაში, ირპინში, ბოროდენკოსა და უკრაინის სხვა ქალაქებში სასტიკად ნაწამებ მსხვერპლთა პატივისაცემად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,მინდა ყველას მოგესალმოთ. ეს ნამდვილად სპონტანური შეხვედრაა, არ იყო სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი. უბრალოდ მსურდა ეს მომენტი თქვენთან ერთად გამეზიარებინა და თქვენამდე მომეტანა ქართველი ხალხის სოლიდარობა.

რამდენიმე დღის წინ, სხვა ლიდერებთან ერთად, ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში დისტანციურად მივიღე მონაწილეობა, რადგან იმ დროს საპარლამენტო გამოსვლა მქონდა, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ ბუჩას ტრაგედიაში დაღუპულების ხსოვნას, რომელიც ყველა იმ ტრაგედიის სიმბოლოა, რასაც დღეს უკრაინა განიცდის.

მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ, ლიეტუვაში ყოფნისას ისაა, რომ ლიეტუვა ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინისა და საქართველოს მსგავსად იცის, რას ნიშნავს რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის გამოცდილება.

ევროპაში მრავალი ადამიანი იმეორებს, რომ თქვენ ჩვენი მომავლისა და ჩვენი თავისუფლებისათვის იბრძვით, მაგრამ ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ თქვენ ჩვენი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი, თქვენი მეომრებისა და თქვენი მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება, რომლებიც ერთად ახორციელებენ ამ გამორჩეულ წინააღმდეგობას.

დიდება უკრაინას!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც ლიეტუვაში ამ ეტაპზე მცხოვრები უკრაინელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე: უკრაინის ელჩმა ლიეტუვაში პეტრო ბეშტამ, აშშ-ის ელჩმა ლიეტუვაში რობერტ გილკრისტმა, შვედეთის ელჩმა ლიტვაში ინგერ ბაქსტონმა, ვილნიუსის მერმა რობერტას დუჩნევიჩმა.