პოლიტიკა
კახა კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც რამდენიმე მეტროსადგურთან პლაკატების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

კახა კალაძის თქმით, საინფორმაციო პლაკატების უნებართვოდ განთავსებას მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება.

„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სხვადასხვა სახის პლაკატის გაკვრა, რაც შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო იყოს. ამ ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება – შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება პლაკატების ჩამოხსნა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ აღნიშნული ფაქტის კონტექსტში დეპოლარიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, დეპოლარიზაცია კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით მზაობას ყოველთვის გამოხატავს.

„დეპოლარიზაცია 12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი პირველია. არის მინიშნება გაკეთებული, რომ დეპოლარიზაცია არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და გამოვთქვით მზაობა, რომ ამ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მმართველი პარტია გამოხატავს მზადყოფნას მოხდეს დეპოლარიზაცია, მაგრამ სამწუხაროდ ამას სჭირდება მეორე მხარეც, ცალმხრივი ვერ იქნება, მათი მხრიდან ყოველდღიურად ვხედავთ რადიკალიზმს, დესტრუქციას. რადიკალიზმი პირველ რიგში აზიანებს მათ, რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 12-პუნქტიანი გეგმა იყოს შესრულებული და ქვეყანამ მიიღოს სტატუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„მოღალატე ჯაშუშები“ - ამ შინაარსის პლაკატები, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, თბილისში რამდენიმე ადგილას გამოაკრეს.