საზოგადოება
„შესანიშნავი ექვსეული“ თავისუფალი არჩევნებისთვის ბრძოლას აგრძელებს

eqvsiani„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „ოპოზიციური რვიანის“ „ნარჩენი“ 6 პარტიის – „ეროვნული ფორუმის“, „თავისუფალი დემოკრატების“, „კონსერვატული პარტიის“, „რესპუბლიკური პარტიის“, „საქართველოს გზისა“ და „ხალხის პარტიის“ – სახელით ხელისუფლების შეთავაზებებზე საბოლოო პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ისინი ხელისუფლების საბოლოო საარჩევნო ინიციატივებს არ იზიარებენ, თავისუფალი არჩევნებისთვის ბრძოლას კი „ექვსიანის“ ფორმატში გააგრძელებენ.

„ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შეჩერებისა და ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ხელისუფლებამ „რვიანის“ ერთ-ერთ წევრ პარტიას საკუთარი საარჩევნო ინიციატივები გააცნო და განაცხადა, რომ ისინი საბოლოოა და შეცვლას აღარ ექვემდებარება. ამ ნაბიჯით მან კვლავ ულტიმატუმის, პოლიტიკური ვაჭრობისა და შანტაჟის ენა აირჩია, რითაც, ფაქტობრივად, უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე. ჩვენთვის პრინციპი – „ან დაგვეთანხმეთ, ან ჩვენსას მაინც გავიტანთ“ – მიუღებელია! საარჩევნო გარემოს ცვლილება დაუბალანსებელი საარჩევნო სისტემის გამოსწორებას უნდა დაეფუძნოს და არა არასრულყოფილ წინადადებებზე დათანხმებული პარტიებისთვის ფულის შეთავაზებას. ასეთ გარიგებაში მონაწილეობა ხელისუფლებისა და პოლიტიკური ოპოზიციის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება“, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, „პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვის ერთადერთ გზად „რვიანს“ ყოველთვის მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რომელიც საქართველოს საარჩევნო გარემოს უსამართლობას განაპირობებს“. „ჩვენ სამართლიანი არჩევნებისა და ამ გზით ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლას ვაგრძელებთ. ამ ბრძოლას ფართომასშტაბიან სამოქალაქო მოძრაობად „თავისუფალი არჩევნებისთვის“ გადავაქცევთ და ხალხთან ერთად გამარჯვებას მივაღწევთ“, – დასძინა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების წინადადებებს „რვიანიდან“ მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ახალი მემარჯვენეები“ იზიარებენ და ისინი შეთანხმებაზე ხელმოწერისთვისაც მზად არიან. დანარჩენმა „ექვსეულმა“ კი, როგორც ჩანს, ოპოზიციის მხრიდან გასაკვირი პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო და ხელისუფლების წინადადებებაზე უარი განაცხადა.