სამართალი
ნიკა გილაური: ჩემ შესახებ გუშინ გაკეთებული ყველა განცხადება არის სრული სიცრუე

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. ჩემ შესახებ გუშინ ეთერში გაკეთებული აბსოლუტურად ყველა განცხადება არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა, მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009–2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა გილაური გამოხმაურა პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის, თაკო ჩარკვიანის იმ განცხადებას, სადაც ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ, ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც გაერთიანდებიან.

„ძვირფასო ფბ მეგობრებო – 10 წელია, არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას, „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო, ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“, ვწერ – გუშინ საღამოს ჩემ შესახებ ეთერში გაკეთებული აბსოლუტურად ყველა განცხადება არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა, მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009–2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, – წერს ნიკა გილაური.