აქტუალური
განათლების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, გიორგი ამილახვარის ახალ მოადგილედ გელა გელაძე დანიშნეს.

გელაძე, რომელიც პოსტზე ვალერიან გობრონიძეს შეცვლის, პროფესიული განათლების განვითარების, ეკონომიკურ, იურიდიულ და ადმინისტრაციის დეპარტამენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უხელმძღვანელებს.

გელა გელაძე განათლების სამინისტროში 2018 წლიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მსახურობდა. მანამდე, 2016-2018 წლებში, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი იყო. უფრო ადრე, 2012-2016 წლებში მას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.