საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) დაუგეგმავი ვიზიტით საქართველოში იმყოფება და კლინიკა „ვივამედში“, სადაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებს იკვლევს.
დელეგაციის დაუგეგმავი ვიზიტის სავარაუდო მიზანი სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაა. „რადიო თავისუფლება“ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ კომიტეტის წევრები სააკაშვილს 26 მარტს შეხვდნენ, თუმცა შეხვედრის დეტალები უცნობია. ამავე ინფორმაციით, კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კომიტეტის წარმომადგენლებმა სააკაშვილისა და სხვა პატიმრების სრული სამედიცინო ისტორიები მოითხოვეს და რომ მათ ყველა დოკუმენტი გადაეცათ.
ამასთან, კომიტეტის წევრები 25 მარტს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებსა და ომბუდსმენის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრებს შეხვდნენ. „CPT-ის რეგულარული ვიზიტი უნდა განხორციელებულიყო ან წელს, ან მომავალ წელს, 4-5 წლიანი ციკლის ფარგლებში. ეს დაუგეგმავი ვიზიტი, უკვე ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი და სიგნალია, რომ არსებობს პრობლემა“, – ციტირებს „რადიო თავისუფლება“ ომბუდსმენის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს.
საქართველოში ვიზიტით მყოფი კომიტეტის წევრები არიან: ჰანს ვულფი (შვეიცარია), წამების საწინააღმდეგო კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი; ვიტაუტას რაშკაუსკასი (ლიეტუვა), ფსიქიატრი, ვილნიუსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კონსულტანტი, ვილნიუსის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი და მარი კმეცოვა (ჩეხეთის რესპუბიკა), იურისტი, ჩეხეთის სახალხო დამცველის ოფისის უფროსი მრჩეველი ეროვნული პრევენციის მექანიზმის საკითხებში.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს გეგმიურად, 4-5 წელიწადში ერთხელ ახორციელებენ. აუცილებლობის შემთხვევაში, კომიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს, დამატებითი, არაგეგმიური, საგანგებო, ე.წ. ad hoc ვიზიტები. საქართველოს ისინი ორჯერ სტუმრობდნენ – პირველად 2012 წელს, ე.წ. „ციხის კადრების“ გასაჯაროების შემდეგ, ხოლო მეორედ 2021 წელს, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის აპარატმა ციხეებში ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის არსებობისა და მათი გავლენების შესახებ ისაუბრა. ვიზიტების ანგარები 2013 წლის აგვისტოსა და 2022 წლის ივნისში გამოქვეყნდა.
კომიტეტი 34 წლის წინ, „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის“ იმპლემენტაციის მონიტორინგისთვის, 1989 წელს შეიქმნა. მისი მიზანია თავისუფლებააღკვეთილი პირების მონიტორინგი, კერძოდ, თუ როგორ ეპყრობიან მათ ციხეებში, არასრულწლოვანთა დაკავების ადგილებში, პოლიციის განყოფილებებში, იმიგრირებულ პირთა დაკავების ადგილებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სოციალური დაცვის სახლებსა და ა.შ.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები სარგებლობენ შეუზღუდავი შესვლისა და გადაადგილების უფლებით დაკავების ადგილებში. ისინი პირადად ესაუბრებიან როგორც თავისუფლებააღკვეთილ პირებს, ისე უკავშირდებიან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი შეუძლია ინფორმაციის მიწოდება. თითოეული ვიზიტის შემდეგ წამების საწინააღმდეგო კომიტეტი შესაბამის სახელმწიფოს უგზავნის დეტალურ ანგარიშს. ეს ანგარიში მოიცავს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ მოპოვებულ მონაცემებს, მის რეკომენდაციებს, შენიშვნებსა და მოთხოვნებს გარკვეული ინფორმაციის მიწოდებაზე. დაუგეგმავი ვიზიტების თაობაზე კომიტეტი იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე დღით ადრე აცნობებს.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეგლამენტის თანახმად, დაუგეგმავი ვიზიტის შედეგების ანგარიში 2-4 თვის პერიოდში იწერება. საქართველო არ შედის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც CPT-ის ანგარიშის გასაჯაროების ავტომატურ მექანიზმს არიან მიერთებულნი. ავტომატური გასაჯაროების მექანიზმი გულისხმობს მონიტორინგის ანგარიშის გასაჯაროებას მაშინვე, როგორც კი CPT დაწერს ანგარიშს. სხვა შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგების ანგარიშმა გამოქვეყნებამდე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი უნდა გაიაროს. არაგეგმიური ვიზიტების ანგარიშების გასაჯაროების საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე, ამას შეიძლება დასჭირდეს 10-13 თვე.
პროტოკოლის თანახმად, კომიტეტის წევრები მედიისთვის კომენტარს არ აკეთებენ.
წყარო: „რადიო თავისუფლება“