აქტუალური
„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით პარტიულ კონფერენციებს მართავს

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული ტიპის კანონპროექტების იძულებით უკან გახმობის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით პარტიული კონფერენციები დაგეგმა.

პირველი ასეთი კონფერენცია 28 მარტს, აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმის დრამატულ თეატრში ჩატარდა, რომელსაც პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე; გენერალური მდივანი, კახა კალაძე; აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს ბათუმის მოქმედი მერი, არჩილ ჩიქოვანი, ასევე ბიუროს წევრები. 29-30 მარტს „ქართული ოცნება“ კონფერენციებს ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში გამართავს. ჯამში, „ოცნება“ 73 ასეთი კონფერენციის ჩატარებას გეგმავს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრებს „წმინდა პარტიული დატვირთვა“ აქვს, სადაც სხვადასხვა პარტიული საქალაქო რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს აირჩევენ. მისივე თქმით, კონფერენციაზე პარტიის წევრებთან ქვეყნის განვითარების საკითხებზეც იმსჯელეს. ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის გაძლიერება, მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა, თავის მხრივ, კახა კალაძემ.

კონფერენციამ ოპოზიციონერი აქტივისტების პროტესტის ფონზე ჩაიარა. ისინი ბათუმის დრამატულ თეატრთან პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მაისურებით მივიდნენ. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე გადაბირების მიზნით მასზე ზეწოლაში ადანაშაულებდა. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.