სამართალი
ბადრი ბიწაძემ შესაძლოა, რომელიმე ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს

badri_bitsadze1როგორც ბიწაძის მეუღლემ, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გაზეთ „პრაიმ-თაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „რომც იცოდეს ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი, მაინც არ დაასახელებს, ვინაიდან ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ბიწაძის ლიკვიდაციის საკითხი აქტიურად განიხილებოდა“.

„სააკაშვილი ბიწაძეს თავის ტკივილად მიიჩნევს და არ ვაპირებ, ხელისუფლებას მისი ადგილსამყოფელის დადგენაში შევუწყო ხელი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ქვეყანას, რომელშიც ბიწაძემ შეიძლება, თავშესაფარი მოითხოვოს, ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, „ამაზე კონკრეტული საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა მათ არ გაუჭირდებათ ისეთი ქვეყნის პოვნა, სადაც ბიწაძის უდანაშულობის დამტკიცება იქნება შესაძლებელი“.

ამასთან, ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ბიწაძესთან მიუნხენში შეხვედრის ფაქტიც უარყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ სასამართლომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროს ბადრი ბიწაძეს ჯერ გირაო შეუფარდა, მისი დროულად არგადახდის შემდეგ კი ბრალი დაუმძიმა და პატიმრობა მიუსაჯა. ამჟამად მასზე ძებნაა გამოცხადებული.