აქტუალური
გზა – ველოსიპედისტები მოდიან!!!

velo-axali---1გასულ შაბათ-კვირას სტარტი აიღო საქართველოს პირველობამ 2011 წლის ჩემპიონატზე საგზატკეცილო ველოსპორტში, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ ველოსპორტსმენები სამ ასაკობრივ კატეგორიაში აჭარიდან, ქუთაისიდან, ზესტაფონიდან და თბილისიდან.

ასაკობრივი კატეგორიები დაიყო პატარების (1997-2000 წლებში დაბადებულნი), ჭაბუკებისა (1993-1996 წლებში დაბადებულნი) და დიდების (1993 წლამდე) ჯგუფებად.

ველოსპორტსმენები მოძრაობდნენ ნატახტარი-ჟინვალი-ჯვარის (ბოლო პუნქტი ფინიში იყო დიდების ჯგუფისთვის) მარშრუტით.

როგორც სპორტის ოსტატმა ველოსპორტში, მწვრთნელმა გიორგი დემურაძემ საქინფორმთან საუბრისას აღნიშნა, გამოვლენილი პერსპექტიული ველოსპორტსმენები ინტენსიურად ივარჯიშებენ საქართველოში 2014 წელს, ასევე, ჰოლანდიაში 2013 წელს დაგეგმილ ოლიმპიადებზე გასასვლელად.

ტურნირის დასრულების შემდეგ „ვისოლის“ დიდი დიღმის ბაზაზე გაიმართა კონფერენცია და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

„პატარებიდან გაიმარჯვეს გიორგი პეტრინმა (I ადგილი – თბილისი), არმან სტეპანინმა (II ადგილი –აჭარა), გიორგი გობეჯიშვილმა (III ადგილი – თბილისი); ჭაბუკებიდან – ნიკა გოგიშვილმა (I ადგილი), გურამ აზმაიფარაშვილმა (II ადგილი), კობა შუბითიძემ (III ადგილი) – სამივე თბილისი; დიდებიდან – გიორგი ნადირაძემ (I ადგილი – თბილისი), გიორგი სიდიანმა (II ადგილი – თბილისი), ვიტალი ეროხინმა (III ადგილი – ქუთაისი). დიდების ჯგუფის გამარჯვებული სამეული დღეს თურქეთისკენ აიღებს გეზს“, – გვითხრა გიორგი დემურაძემ.velo

მწვრთნელის განცხადებით, ეს დიდი შრომისა და ინტენსიური ვარჯიშის შედეგია. „ნელ-ნელა ფეხზე ვდგებით და ყველას ვაჩვენებთ, რომ სპორტის ეს სახეობა აღორძინების გზაზეა. რაც შეეხება პირველობას საგზატკეცილო რბოლაში, ყოველთვის ვირჩევთ ისეთ მარშრუტს, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს ჩემპიონატი. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინათ ველოსპორტსმენებს ტრასაზე შეჯიბრის დროს პატრული მიაცილებდა, დღესდღეობით პატრულმა დაცვის პოლიციასთან გადაგვამისამართა, დაცვის პოლიციამ – გზატკეცილი ჩვენ არ გვეკუთვნისო. ახლა მწვრთნელები მოტოციკლეტებითა და ფედერაციის ავტომანქანით უზრუნველვყოფთ სპორტსმენთა უსაფრთხოებას, მაგრამ მარტო ჩვენი ძალისხმევა არ ჰყოფნის, რადგან ურჩი მძღოლები, განსაკუთრებით, ქალები, რაც უნდა დროშები უქნიო, სპორტსმენს არათუ აბრკოლებენ, უკეთეს მაჩვენებლებს მიაღწიონ, არამედ საავარიო სიტუაციასაც ხშირად ქმნიან. ამიტომ მიმაჩნია, ყველამ ერთად მეტი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ“, – აღნიშნა გიორგი დემურაძემ.

P.S. ამ პრობლემურ საკითხში უნდა ჩაერთოს ის უწყებები, რომელთაც ძალუძთ, კანონის სახე მისცენ სპორტსმენთა უსაფრთხოებას და უზრუნველყონ მისი უცილობელი დაცვა. საგზაო მოძრაობის წესები ნებისმიერ მძღოლს ავალდებულებს, უსაფრთხოებისათვის ეს წესები ყოველთვის დაიცვას და არა მხოლოდ მაშინ, როცა პატრული ჩანს.velo2

ნებისმიერ ქვეყანაში ველოსპორტსმენებს ყველა გზას უთმობს, ოვაციებითაც მიაცილებენ. ჩვენთან კი... მათთვის განკუთვნილ სავალ ნაწილზეც კი აბრკოლებენ. ესეც მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება მოხდეს.velo4

ველოსპორტი საქართველოში საკმაოდ მოღონიერდა. ასე რომ, ახლა უფრო ხშირად შეხვდებით გზატკეცილებზე ველოსპორტსმენებს და დროა, ნებისმიერი მძღოლი შეეგუოს კანონმორჩილებას, სპორტსმენთათვის გამოყოფილი გზა დაუთმოს და უსაფრთხოდ გაატაროს კოლონა. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან სპორტსმენთა უსაფრთხოებას ტრასაზე მოძრაობისას, ვფიქრობთ, საქართველოს ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად პრობლემა არცთუ ისე ძნელი გადასაჭრელია, თუ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და საპატრულო პოლიცია ერთობლივ ძალისხმევას გამოიჩენენ.