სამართალი
შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „პოს ტვ-ის“ დამფუძნებელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. „პოს ტვ-ის“ საკონტროლო პაკეტს მმართველი უმრავლესობისა და „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს.

ჯაფარიძე ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, რომელმაც „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული ტიპის კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შალვა რამიშვილს ქალები სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ. მსგავსი შინაარსის ბრალისთვის რამიშვილი სასამართლომ 2018 წელს უკვე გაამტყუნა და მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მანამდე, 2005-2009 წლებში შალვა რამიშვილმა საპატიმრო სასჯელი დეპუტატისთვის 100 000 ლარის გამოძალვის ბრალდებით მოიხადა. თავად რამიშვილი ბრალს არ აღიარებდა. 2009 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ წინასწარი პატიმრობისას რამიშვილი და მასთან ერთად საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში იმყოფებოდნენ. სასამართლომ სახელმწიფოს არამატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა.

სექსუალურ შევიწროებაზე რამიშვილის მიმართ ბრალდებები „ფაშისტური კამპანიის“ ნაწილად შეაფასეს მმართველი უმრავლესობის დეპუტატებმა და უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ჩემთვის არაა დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ „ფაშისტური კამპანიის“ ფონზე, ასეთი დამთხვევების არ მჯერა“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ არ არის სწორი, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია საერთოდ უგულებელვყოთ“.

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი რამიშვილის მიმართ ბრალდებებს Facebook-ით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამგვარი ბრალდებისთვის ჩვენი მხრიდან კანონმდებლობა ევროპულთან თანხვედრაშია“. დანარჩენი უკვე არა პოლიტიკოსის, არამედ რელევანტური სტრუქტურების შესაფასებელია“, – დასძინა მან. ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, ხოლო ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება, არანაკლებ მძიმეა“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ „ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონით და არა „მორალის პოლიციის“ ხელით. მანვე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამიშვილთან გადაცემაში სტუმრობის გამო კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკასაც უპასუხა და თქვა, რომ მსგავსი განცხადებები იმის ნიშანია, რომ მათ ყოფილი პატიმრების ან მსჯავრდებულების რესოციალიზაცია არ სურთ.

ბრალდებებს განცხადებით გამოეხმაურა „პოს ტვ“, რომელშიც აღნიშნა, რომ რამიშვილის მიმართ ბრალდებები მათი ტელევიზიის მიმართ „ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანიის“ ნაწილია. ტელევიზიის განცხადებით, მათი რეიტინგის „სწრაფი ტემპით“ ზრდის პარალელურად, გახშირდა პერსონალური თავდასხმები არხის მენეჯმენტზე და სახეებზე“. „ლიბერალი ფაშისტების კიდევ ერთი მიზანია, დააბულინგონ და შეაშინონ ჩვენი გუნდის წევრები, ხელი ააღებინონ იმ ბრძოლაზე, რომელსაც ეს არხი ბოლო წლებია წარმატებით ეწევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, „სწორი პოზიციისთვის“ შალვა რამიშვილმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და თქვა, პირადად ჩემზე თავდასხმას და ცილისწამების კამპანიას NGO სექტორი და ნაცმიდრეკილი ადამიანები აგორებენ“. რამიშვილმა გაიმეორა არხის პოზიცია, რომ მის წინააღმდეგ კამპანია „პოს ტვ-ის“ რეიტინგით არის განპირობებული. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ეს „ბულინგი“ და „შეიმინგი“ ჩემზე და „პოს ტვ-ზე“ არ მოქმედებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რატომ ხდება ეს“, – დასძინა რამიშვილმა.