საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. გვგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებს შეიძლება, ჰქონდეთ კრიტიკული ხედვა, კრიტიკული დამოკიდებულება, ჩვენი მოვალეობაა, მათთან ვიმუშაოთ, ჩვენი მოვალეობაა, მათ მუდმივად ვუთხრათ, რომ საქართველო მოწოდებულია იმ საერთო მიზნისკენ სვლისთვის, რომელიც მათი ინტერესიც არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კითხვების არსებობის შემთხვევაში, საქართველო ეცდება, ყველა პარტნიორს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.
„ჩვენ ყველაზე მთავარი, რაც გვაერთიანებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული, ევროატლანტიკური მომავალი. ამიტომ ყველა ის პარტნიორი და მეგობარი, ვინც გულწრფელად გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას და არის შემთხვევები, როდესაც აქვთ კითხვები, რომელზე პასუხებიც არ აქვთ, სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ, რომ მათთან ვიმუშაოთ, გავუზიაროთ ჩვენი ხედვები და მაქსიმალურად დავაახლოოთ, რათა ყველამ ერთად შევძლოთ იმ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან, მინისტრს კითხვა დაუსვეს „პოლიტიკოს“ სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, 20 მარტის სხდომაზე რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრმა მოითხოვა მოლდოვასა და საქართველოში ოლიგარქიის გავლენების შეზღუდვის კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის სანქცირება.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ კონტექსტში საქართველო არ ყოფილა, შესაბამისად, საქართველო ვერ იქნება ამ საკითხის ადრესატი. ამდენად, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ამ კონტექსტში საქართველო არ იყო ნახსენები. თუ არსებობს რამე საკითხი, როდესაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ კითხვა, მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დასვან ეს კითხვები და ჩვენი მხრიდან პასუხები მიიღონ. ჩვენ მთლიანად კონცენტრირებულები ვართ ევროინტეგრაციის მიმართულებით 12 პუნქტის შესრულებაზე. შესაბამისად, ერთადერთი საკითხი, რაზეც პარტნიორებთან ვსაუბრობთ, ეს არის, რა დინამიკა გვაქვს და როგორ ვასრულებთ 12 რეკომენდაციას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.