სამართალი
საპატიმროებში არსებულ გაუსაძლის პირობებსა და იძულების წესით დაწერილ ჩვენებებზე მედიაკავშირი „ობიექტივის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ყინწვისში მიმდინარე წლის 26 მაისს დაკავებულ პირთა ადვოკატებმა ისაუბრეს.
მათი ინფორმაციით, ყინწვისის საქმეზე ამ დრომდე 24 პირი რჩება დაკავებული, რომელთა ნაწილს სასტიკი წამების შემდეგ აღიარებითი ჩვენებები დააწერინეს. ადვოკატების მტკიცებით, დაკავებულთა წინააღმდეგ გამოყენებული იყო ისეთი მეთოდები, როგორსაც 20-იან და 30-იან წლებში იყენებდნენ.„ამ ყველაფერში კონტრდაზვერვისა და პროკურატურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საზოგადოება უნდა დაირაზმოს, რათა მსგავსი უკანონობა იქნეს აღკვეთილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას იძულების წესით დაწერილი არაერთი აღიარებითი ჩვენება ელოდება“, – აცხადებენ ადვოკატები.
შეგახსენებთ, რომ შსს-ის თანამშრომლებმა ყინწვისში 24-კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება 26 მაისს დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფის მიზანს საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა წარმოადგენდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე, გაავრცელა ვიდეომასალა, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც, მისი მტკიცებით, დაკავებულების ბრალეულობას ადასტურებს.