საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ComCom-ის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა, პარლამენტში 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით, კომუნიკაციების კომისიის პროექტები შეაჯამა.
განხილული პროექტებიდან ერთ-ერთი, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ იყო, რომელიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს ასწავლის. ბექაურის თქმით, კონკურსი მოსწავლეებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2021 წელს ორჯერ ჩატარდა და ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას შეუწყო ხელი. თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კონკურსის პარალელურად, BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, კომუნიკაციების კომისიამ 1000-მდე მოსწავლესა და 200-ზე მეტ სტუდენტს ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები შეასწავლა.
მედიაწიგნიერების კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც კახა ბექაურმა ისაუბრა, მედიის ეკონომიკაა. „მედიის ეკონომიკა ევროპის მასშტაბით აღიარებული პროექტია, რომელიც მაღალი კლასის მოსწავლეებს ციფრული მედიის დაფინანსების და მედია ეკონომიკის პრინციპებს ასწავლის“ - აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ პროექტი „Evas Foundation”-ის მიერ აღიარებულია, როგორც უნიკალური მიდგომა მედიის ეკონომიკისა და მედია საფრთხეების შესასწავლად. მედიის ეკონომიკის პროექტის განხილვისას, ComCom-ის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ პროექტის ავტორთან, ალექსანდრა ფალკონთან ერთად, შემუშავდა ქართულ სკოლებზე მორგებული საგაკვეთილო სქემა, რომელიც მულტიმედიური პლატფორმებისა და ინტერნეტის გამოყენებით, პრაქტიკულ სამუშაოებს გულისხმობს. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 2021 წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში 1000-მდე მოსწავლე გადამზადდა.
პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების სახელმძღვანელო „გამარჯობა რუბი“, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ქართულად ითარგმნა და გამოიცა, მედიაწიგნიერების კიდევ ერთი პროექტია, რომელზეც თავმჯდომარემ ისაუბრა. ბექაურის თქმით, კომუნიკაციების კომისიამ 25 ქვეყანაში აღიარებული ლინდა ლიუკასის წიგნის 2500 ეგზემპლარი დაბეჭდა და დამატებით 11 სკოლას გადასცა, რის შედეგადაც, 2021 წელს, პროგრამირების საწყისების სწავლა დამატებით 2400-ზე მეტმა მოსწავლემ დაიწყო.
დანარჩენ პროექტებთან ერთად, ComCom-ის თავმჯდომარემ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა, მისი ინფორმაციით, ComCom-მა 2021 წელს თბილისის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და BTU-ს უნივერსიტეტის 600-ზე მეტი სტუდენტი გადაამზადა.