სამართალი
სააკაშვილს მოსწონს ქვეყანაში არსებული სასამართლო სისტემა

court_system„მიუხედავად სასამართლო სისტემის შესახებ ცუდი წარმოდგენისა, რასაც „ჭორიკანა“ ტელევიზიები და „ძალიან ბინძური გაზეთები“ უწყობენ ხელს, საქართველოში „კარგი სასამართლო სისტემა“ ყალიბდება, რომელიც საზოგადოების ნდობით სარგებლობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

„კარგი სასამართლო სისტემა ბევრად უფრო ძნელი ჩამოსაყალიბებელია, ვიდრე, მაგალითად, კარგი პოლიცია ან კარგი საბაჟო. გამოცდილ ხალხთან ერთად დაინიშნა ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოსამართლე სხვადასხვა დონის სასამართლოში. ამ მოსამართლეებს დღეს აქვთ სრული ინსტიტუციური დამოუკიდებლობა... ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ არცერთ არა მხოლოდ კონკრეტულ საქმეში, არამედ საორგანიზაციო თემებშიც სასამართლოსი“, – განაცხადა მან ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში სტუმრობისას.

„ჩვენ გვყავს ახალგაზრდა მოსამართლეთა კორპუსი, ჩვენ გვაქვს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ყველა გარანტია, მათ აქვთ მაღალი ხელფასები, მათ აქვთ საკანონმდებლო დამოუკიდებლობა, ისინი დაცული არიან ცხოვრების ყველა ასპექტში უკანონო ჩარევისგან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას სასამართლოსთან შეხება არ აქვს და წარმოდგენა სასამართლო სისტემის შესახებ მათ, ძირითადად, მესამე მხარის მეშვეობით ექმნებათ.

„თუ სასამართლოს ვერ ხედავ, შენ სასამართლოზე წარმოდგენა გაქვს რომელიღაცა ჭორიკანა ტელევიზიის გადაცემებით ან რომელიღაც ძალიან ბინძური გაზეთის არანაკლებ ბინძური ინსინუაციებით“, – თქვა სააკაშვილმა.

„ამიტომ ის, რომ სასამართლოს დღეს აქვს უკვე 60 პროცენტზე მეტი [ნდობა], ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ სისტემა ყალიბდება. და ეს არის ყველაზე კარგი პასუხი იმათ, ვისაც უნდა, რომ არაფერი არ სჯეროდეს არასოდეს და არც ჩვენ არ გაგვატაროს, ვისაც გვინდა, რომ გვჯეროდეს. ამიტომ ამ მხრივ მართლაც პროგრესი არის“, – დასძინა მან.