თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დასუფთავების მომსახურების გადახდის წესი შეიცვალა. საკითხი კვირის ბოლოს სხდომაზე 34 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ახალი სისტემით, დასუფთავების ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვის ყოველ დამწვარ კილოვატ ელექტროენერგიაზე 5 თეთრი იქნება.
ცვლილებას ქალაქის მერია იმით ასაბუთებს, რომ დედაქალაქში მაღალი მიგრაციაა და მოსახლეობის ოფიციალური რეგისტრაციის მაჩვენებელი რეალურ მაჩვენებელს არ შეესაბამება. ამიტომ ქალაქის მერიას თურმე ბევრად უფრო მეტი ნაგვის ნარჩენის გატანა უწევს, ვიდრე სულადობის მიხედვით ამ მომსახურების გადასახადის გადამხდელია.
ამიერიდან რაც უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმართ, მით მეტს გადაიხდით ნარჩენების გატანისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, თუ დენის ხარჯვასა და ნაგვის გატანას შორის ლოგიკურ კავშირს ვერ ხედავთ.თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილის განცხადებით, დასუფთავების სამსახურის შენარჩუნებისთვის 3 მლნ ლარია აუცილებელი. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ეს დარგი სუბსიდიისგან უნდა გათავისუფლდეს.
„სოციალურად გაჭირვებული 100 ათას ქულაზე ნაკლების მქონე ოჯახებისთვის დასუფთავების გადასახადი შემცირდება. შესაბამისად, მოსაკრებელი გაძვირდება მხოლოდ თბილისის მოსახლეობის 25 პროცენტისთვის“, – განაცხადა ხიზანეიშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიციის მიერ გაჟღერებული ფრაზა – „დასუფთავების სამსახური ქალაქში ძვირდება“ – არ არის მართებული.
საკრებულოს უმრავლესობამ ახალი წესი მოიწონა და „სოციალურად სამართლიან გადაწყვეტილებას“ მხარი დაუჭირა.
დასუფთავების მომსახურების გადახდის წესის შეცვლას ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები უკანონოდ მიიჩნევენ. თინა ხიდაშელის, კობა დავითაშვილის, ზურაბ აბაშიძის, ქრისტან-დემოკრატების განცხადებით, ოპოზიცია საკრებულოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.