როგორც დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, „საგარეო უწყება შვეიცარიულ მხარეს დღეს ნოტას გადასცემს, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან ქართული მხარის დიალოგის მზადყოფნაა დაფიქსირებული და ოფიციალური თბილისი იმედს იტოვებს, რომ რუსეთთან სადავო საკითხების მოგვარება დიალოგის ფორმატში გახდება შესაძლებელი“.
კალანდაძის განმარტებით, „საქმე ეხება გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ მიმდინარე წლის 1 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ჰააგის სასამართლომ რუსეთ-საქართველოს შორის დავის არსებობა დაადგინა, თუმცა საქართველოს დავის საბოლოოდ აღმოფხვრის მიზნით რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდა“.„დავის საგანს 1990-იან წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ქართული მოსახლეობის გამოდევნა და 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური დევნა-დისკრიმინაცია წარმოადგენს. საქართველო 2008 წლის ომამდე და ომის შემდეგაც რუსეთთან დიალოგის წარმოებას და პრობლემატური საკითხების მოლაპარაკებების გზით გადაჭრას ცდილობდა, თუმცა ჩვენს ამ ინიციატივას წარმატება არ მოჰყოლია. რაკი გაეროს მართლმსაჯულებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, საქართველომ რუსეთთან კონვენციის დარღვევის ფარგლებში მოლაპარაკება აწარმოოს, ჩვენ შვეიცარიას გადავცემთ ნოტას, რომელშიც დიალოგის წარმოების შესახებ მზადყოფნაა დაფიქსირებული“, – განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, თუ დიალოგი შედეგს არ მოიტანს, ქართული მხარე იტოვებს უფლებას, კვლავ ჰააგის სასამართლოს მიმართოს.