საზოგადოება
ილია დარჩიაშვილი: ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, ენერგოუსაფრთხოების საქმეში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე. ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საუბრისას აქცენტი გაკეთდა სატრანზიტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის მნიშვნელობაზე. ამასთან, როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, დეტალურად განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

„ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის მზარდ მნიშვნელობაზე როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიური და ენერგეტიკული მიმართულებით. ახალი რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და დაკავშირებადობის აქტუალურობაზე. აქცენტი გავაკეთეთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის მნიშვნელობაზე. დეტალურად განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რაც მკვეთრად დამძიმდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად. გავცვალეთ ინფორმაცია უკრაინის მხარდაჭერის მიზნით გაწეული აქტიური ძალისხმევის შესახებ, იქნება ეს პოლიტიკური, დიპლომატიური თუ ჰუმანიტარული მიმართულებით. აღინიშნა, რომ სწორედ საქართველო იყო პირველი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა რუსეთის აგრესია და მისი თანმდევი შედეგები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.