როგორც ცნობილია, „ახალმა მემარჯვენეებმა“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შექმნილი „ოპოზიციური რვიანი“ დატოვეს. ისინი ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს დათანხმდნენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „რვიანმა“ საკუთარი თავი უკვე ამოწურა და იგი აღარ არსებობს“.„რვიანი“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მიზნით შეიქმნა. ხელისუფლებამ თავისი საბოლოო საარჩევნო ინიციატივები გაგვაცნო. გუშინ დამატებითი შემოთავაზებების გაკეთების შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს ასრულებს. შესაბამისად, მოლაპარაკებები დასრულებულია და „რვიანმა“ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა. გარდა ამისა, გუშინდელ შეხვედრაზე „რვიანი“ საერთო აზრის ირგვლივ ვერ ჩამოყალიბდა. ჩვენ ერთადერთი არ ვიყავით, ვისაც განსხვავებული აზრი გაგვაჩნდა“, – განაცხადა კაციტაძემ და დასძინა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ სხვა სუბიექტები ერთ აზრზე შეთანხმდებიან, ეს არა „რვიანის“, არამედ უკვე „შვიდიანის“ პოზიცია იქნება“.
„რვიანში“ შემავალი დანარჩენი პარტიები კი კვლავ შიდა მოლაპარაკების პროცესში არიან. ისინი საერთო განცხადებას დღეს, 14:00 საათზე, გააკეთებენ.