აქტუალური
ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ მარკ მილის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის რიგით მე-10 შეხვედრაში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები და არსებული მდგომარეობა განიხილეს.

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით ჩამოყალიბდა. ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრების მიზანი უკრაინისადმი მხარდაჭერის კოორდინაციის გაძლიერებაა.