საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა.
უწყების ცნობით, ექვსი ერთეული სპეციალური კომპლექტაციით აღჭურვილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო 150“ საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში გადაეცა.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი, თავდაცვის ძალებისა და ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ. ავტომობილებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო და კრიმინალური მოკვლევებისთვის საჭირო სპეციალური კომპლექტებითაა აღჭურვილი, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია სამსახურებრივი საჭიროებებისას გამოიყენებს. სპეციალიზებული ავტომობილები კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო პოლიციის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობებს. სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ნატო-ს ნდობის ფონდის მიერ განხორციელდა და საერთო ღირებულება 542 520.00 ევროს შეადგენს. პროექტის კონტრიბუტორები არიან ლატვია და ავსტრალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.