პოლიტიკა
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების წინადადების თანახმად, საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული ხარჯები მილიონი ლარის ოდენობით მხოლოდ შეთანხმებაზე ხელმომწერ ბარიერგადალახულ პარტიებს აუნაზღაურდებათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოპოზიციური „რვიანისთვის“ წარდგენილ წინადადებებში ნათქვამია, რომ „საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საარჩევნო ბარიერს გადალახავს, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მლნ ლარს მიიღებს, მათ შორის, 300 ათას ლარს მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად“. თუმცა ამავე წინადადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ პუნქტის პირობები გავრცელდება მხოლოდ იმ პარტიებზე, რომლებიც შეთანხმებაზე ხელს მოაწერენ. „ფული ჯოჯოხეთს ანათებს“, – ნათქვამია. საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების იმ ნაწილისთვის, რომელიც ხელისუფლების წინადადებებს სკეპტიკურად უყურებს, ეს წინადადებები მათთვის გადაგდებული ანკესია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებზე სახელმწიფო მხოლოდ „მმართველი გუნდის ანკესზე წამოგებულ“ პარტიებს დააფინანსებს. როგორც ჩანს, მილიონიანმა „ჭიაყელამ“ ჯერჯერობით მხოლოდ „ახალი მემარჯვენეები“ მიიზიდა, რადგან ისინი, მიუხედავად სხვა პარტიების განაწყენებისა, „რვიანის“ დაშლის ხარჯზე ხელისუფლების შეთავაზებებს დათანხმდნენ, ეს ფაქტი კი მათი დაფინანსების ერთგვარ გარანტადაც შეიძლება ჩაითვალოს. რას გადაწყვეტენ დანარჩენი პარტიები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, მათი ნაწილი ხელისუფლების წინადადებებზე დასათანხმებლად უკვე მზადაა.