სამართალი
სახალხო დამცველი 7-9 მარტის აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ დარღვევებზე საუბრობს

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ახლადარჩეულმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 13 მარტს პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტის წინ 7-9 მარტს გამართული აქციების შესახებ ისაუბრა.

ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა უზრუნველყოფილი და რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის, თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მისი თქმით, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს „კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას“.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადებების დროსაც, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.

მანვე აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, სამართალდამცველებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც „ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს“. სახალხო დამცველმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენეს სამართალდამცველებმა, თუმცა გავრცელებული ცნობებით, ისინი აქციის დასაშლელად წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ.

„შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით, გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც“, – განაცხადა იოსელიანმა. „მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამსხვრევა, პოლიციამ შესაბამისი რეაგირებები განახორციელა, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ“.

„აღსანიშნავია ისიც, რომ, ორივე შემთხვევაში და, განსაკუთრებით, 8 მარტის ღამის საათებში ძალის პირველად გამოყენების შემდეგ, ვითარება რამდენჯერმე კვლავ დაიძაბა და ადგილზე შეკრებილი პირების წინააღმდეგ განმეორებით არაერთხელ მოხდა სპეციალური საშუალებების გამოყენება, მათ შორის, მაშინაც, როდესაც არ იკვეთებოდა მსგავსი აუცილებლობა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა. მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან, ადგილი ჰქონდა დამიზნებით სახის არეში ზემოქმედებას, რაც „ცალსახად წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას“.

იოსელიანმა განაცხადა, რომ „მედიასაშუალებებით გავრცელდა რამდენიმე ვიდეომასალა, რომელშიც პირდაპირ ჩანს მოქალაქეებს მიმართ უხეში ფიზიკური ძალადობის ფაქტები“.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები მაშინ, როდესაც „აქციის მიმდინარეობისას, კანონმდებლობა მათ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს“.

„ამავდროულად, შეკრების შეწყვეტამდე და მის პარალელურადაც, სამართალდამცველები აქტიურად მიმართავდნენ მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას“, – განაცხადა იოსელიანმა და დასძინა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას.

სახალხო დამცველის თქმით, 7-9 მარტს, მან და აპარატის რწმუნებულებმა 96 დაკავებული პირი მოინახულეს. ისინი დაკავების უხეშ ფორმებზე მიუთითებდნენ და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. „რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილითა და თანხმობით, სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით“, – განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველის თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მოწმეთა განმარტებით, შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით, რის შედეგადაც ჯაფარიძემ მრავლობითი დაზიანება მიიღო თავის, კისრისა და ხელის მტევნის არეში.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატს არაერთი პირი უკავშირდებოდა იმის თაობაზე, რომ ვერ პოულობენ ოჯახის წევრები თუ ადვოკატები დაკავებულ პირებს და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწვდიდა მათ განთავსების ადგილების შესახებ ინფორმაციას.

სახალხო დამცველმა მოუწოდა საგამოძიებო უწყებებს, რომ ეფექტიანი გამოძიება ჩაატარონ არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე.