საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. 11 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს 7-9 მარტის საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების მიმართ დაწყებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
12 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, უფლებადამცველები განმარტავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტარციული წესით დაკავებული ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან გაათავისუფლეს, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება კვლავაც მიმდინარეობს.
არასამთავრობოები პროკურატურასაც მიმართავენ, რომ „გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები“.
უფლებადამცველები ასევე მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება“.
განცხადების თანახმად, 2-3 და 7-9 მარტს „აგენტების შესახებ“ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული რუსული ტიპის კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციებზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 169 პირი დააკავეს.
ერთობლივ განცხადებას სხვებთან ერთად ხელს ასევე აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია); „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF).