საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI), „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG), „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ (CSI) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) – განაცხადეს, რომ ტოვებენ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს, რადგანაც, „ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში“.
10 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ოთხმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს პარლამენტთან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობდნენ საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობაში პარლამენტის აპარატთან, საპარლამენტო უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან ერთად. შედეგად, განხორციელდა რეფორმები „საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის და ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მეტ ღიაობას, ინკლუზიური გარემოს შექმნას, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობითი პროცესის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი იყო 2015 წლის ოქტომბერში, მექსიკაში გამართულ OGP-ს გლობალურ სამიტზე OGP-ს სამოქალაქო საზოგადოების დაწესებული პრიზის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ, ასევე 2018 წელს საქართველოს მიერ ღია მმართველობის გლობალური სამიტის მასპინძლობა.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მაშინ, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები თანამშრომლობენ საპარლმენტო უმრავლესობასთან, მხარს უჭერენ და ფინანსურ დახმარებას უწევენ პარლამენტს რეფორმების განხორციელებაში, საპარლამენტო უმრავლესობამ „ინიცირება გაუკეთა რუსეთში არსებული კანონის მსგავსი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონს, რომლის მიზანი იყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანზაციების იძულება დარეგისტრირდნენ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეესტრში“, მათი სტიგმატიზება და საზოგადოებაში დისკრედიტირება, მათი კონტროლი, საბოლოო ჯამში კი მათი საქმიანობის შეზღუდვა და გაუქმება“. მათივე თქმით, ეს ყველაფერი მოხდა მკაცრი კრიტიკის ფონზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან, რომელთაც გააფრთხილეს, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„მართალია, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ მათ ნათლად დაადასტურეს, რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში. „ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში“.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) აღმასრულებელი დირექტორის მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ საქართველომ არ დაიცვა OGP-ის პროცესი სამოქმედო გეგმის ორი ციკლის დროს, ვინაიდან ვერ წარმოადგინა 2021-2023 და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმები.
შედეგად, OGP-ის პოლიტიკის შესაბამისად, საქართველო OGP-ის კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვეკომიტეტის (C&S) შემოწმებას დაექვემდებარა. შემოწმების პროცესი მოიცავს ზედმიწევნით შესწავლას და მხარდაჭერას C&S-ის, მხარდაჭერის ქვეკომიტეტისა და მმართველი კომიტეტის მხრიდან, რათა მოგვარდეს ის საკითხები, რის გამოც საქართველო შემოწმების ქვეშ მოექცა.