აქტუალური
ნიკა მელია მერაბიშვილის განცხადებაზე: რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებებს.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაში არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად არის.

ვანო მერაბიშვილი საუბრობს როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რა უნდა მოხდეს.

ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირადი გავლენების მოსაპოვებლად.

სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა!

რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ”, - წერს მელია.

ცნობისთვის, საქართველოს შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა Ukrinform-ის მედიაცენტრში გამართულ დისკუსიაზე SAVE MISHA, რომელიც 10 მარტს გაიმართა.

მერაბიშვილის თქმით, მთავარი მიზანია, მთავრობის შეცვლა.

ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება დაგვიჭერს მხარს, მასობრივი საპროტესტო აქციები დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა საქართველოში, რომ უკრაინა არ იყოს მარტო იმიტომ, რომ ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ”, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იზეიმონ, რუსეთზე გამარჯვება, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება.

მერაბიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ გაზაფხული და ზაფხული იქნება საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტისთვის“.