პუბლიკაციები
საზოგადოებრივი კონფერენციის „სიმართლე და სიცრუე 1941 წლის 22 ივნისის შესახებ“ მონაწილეთა დასკვნითი განცხადება

konferencia_vet1941 წლის 22 ივნისი პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხთა ისტორიაში ჩვენი წინაპრების სიმამაცითა და გმირობით გამსჭვალული დიადი ტრაგიკული თარიღია. 70 წლის წინათ ჩვენი მამა-პაპათა მშვიდობიანი და აღმშენებლობითი ცხოვრება არნახულად სასტიკი ფაშისტური ურდოების ვერაგულმა შემოსევამ დაარღვია, რომლებიც ესწრაფოდნენ არა მარტო საბჭოთა კავშირის დანაწევრებასა და ოკუპაციას, არამედ მისი მოსახლე „არაარიელი“, „არასრულფასოვანი“ ხალხების დამონებასა და ფიზიკურად განადგურებას. ჩვენი წინაპრების გმირულ ბრძოლას დამპყრობთაგან სამშობლოს გასათავისუფლებლად, მომავალი თაობების სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის ბადალი არ მოეპოვება მსოფლიო ისტორიაში და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში მცხოვრები ყველა წესიერი ადამიანის კანონიერი სიამაყის საგანია.

ამავე დროს, ბოლო წლებში ჩვენ მოწმენი შევიქენით დიდი სამამულო ომის დასაწყისისა და მსვლელობის რეალური ისტორიული ფაქტების უტიფრად გაყალბების, დამახინჯებისა და ლაფში ამოსვრის მცდელობებისა. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებსა და მათ საზღვრებს მიღმა მოკალათებული გარკვეული ძალების ეს მცდელობანი მძლავრ საინფორმაციო-პროპაგანდისტულ კამპანიად გარდაიქმნა და მიმართულია იქით, რომ სსრკ გერმანიის ტოლფასოვან აგრესორად დაგვიხატოს, გაათანაბროს კომუნიზმი და ფაშიზმი, სტალინი და ჰიტლერი როგორც მსოფლიო ბატონობისათვის მებრძოლი ერთმანეთის ბადალი ორი დიქტატორი და ამით წარმოაჩინოს დასავლეთი, აშშ მსოფლიოს მხსნელ ერთადერთ „კეთილ ძალად“, რომელმაც ორივე ტირანს ბოლო მოუღო. ისტორიის ასეთი ინტერპრეტაცია მდაბალი სიცრუე, უსინდისო ცილისწამება და ჩვენი წინაპრების ხსოვნის შეურაცხყოფაა.

კონფერენციის მონაწილენი აღვნიშნავთ, რომ ომისწინა ევროპაში ბატონობდა არა მარტო ჰიტლერული გერმანიის აგრესიული პოლიტიკა, არამედ წამყვანი ევროპული სახელმწიფოების წამქეზებლური პოლიტიკაც, რის გამოც ჰიტლერმა ჯერ ავსტრია დაიპყრო, შემდეგ კი პოლონეთის მონდომებული მონაწილეობით გაანადგურა ჩეხოსლოვაკია. საბჭოთა კავშირის დაჟინებულ და თანმიმდევრულ მცდელობებს ანტიჰიტლერული კოალიციის შესაქმნელად წინ ეღობებოდა ინგლისისა და საფრანგეთის ხელისშემშლელი დიპლომატიური ხრიკები და პოლონეთის კატეგორიულ უარი. უნდა აღინიშნოს, რომ 1930-იანი წლების ბოლოს თითქმის მთელი ევროპა ფაშიზმით იყო დაავადებული და იმყოფებოდა ფაშისტური ან ნახევრად ფაშისტური რეჟიმების ქვეშ (გერმანია, იტალია, ესპანეთი, რუმინეთი, ხორვატია, სლოვაკეთი, ნორვეგია), მძლავრი ფაშისტური „მეხუთე კოლონები“ იყვნენ საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, დანიაში, ბულგარეთში, უნგრეთში. ამან ჰიტლერს საშუალება მისცა, მოკლე ხანში თითქმის უბრძოლველად დაეპყრო ეს ქვეყნები. 1941 წლის ივნისში ჩვენს მამა-პაპებს ბრძოლა მოუწიათ არა მარტო ფაშისტური გერმანიის არმიასთან, არამედ მთელი ევროპის კონსოლიდირებულ ადამიანურ რესურსთან და სამხედრო-სამრეწველო პოტენციალთან.

და მხოლოდ 1944 წელს, როცა ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, აშშ-მა და ინგლისმა გახსნეს მეორე ფრონტი და ჩაებნენ გერმანიასთან ომში.

ქართველი ხალხი, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ხალხები, არ შეუშინდა უცხო დამპყრობთა არნახულად მრისხანე ძალას. ომის პირველივე დღეებიდან ათეულობით ათასმა მოხალისემ მიაშურა ფრონტს საქართველოს ქალაქებიდან და სოფლებიდან. 3-მილიონიანმა საქართველომ 700 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა ომში. 350 ათასი ბრძოლის ველიდან აღარ დაბრუნებულა. ყველა შეგნებულ ქართველს ეამაყება, რომ დიდ სამამულო ომში უმაღლესი მთავარსარდალიცა და ჯარისკაციც, რომელმაც რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა, პატარა საქართველოს შვილები იყვნენ. დიდი სამამულო ომის მებრძოლების გმირობისა და მამაცობის მაგალითებზე აღიზარდა ქართველთა არაერთი თაობა. არ არსებობს ოჯახი, რომელიც დღემდე მადლიერებით არ იხსენებდეს მამა-პაპებს, რომლებმაც მტერს მშობლიური მიწა არ გაათელვინეს.

და მით უფრო შეურაცხმყოფელია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ერის ღირსების დამამცირებელი, აგდებული დამოკიდებულება დიდ სამამულო ომში მებრძოლთა გმირობისა და დაღუპულთა ხსოვნის მიმართ. ბრძოლის ველზე დაცემულთა უკვდავსაყოფად აღმართული ძეგლების ნგრევა, ი. სტალინის ძეგლების ქურდულად გაქრობა, განვლილი ისტორიული პერიოდის მიღწევების ხელაღებით უარყოფა, ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვებაში სსრ კავშირის გადამწყვეტი როლის მიჩქმალვა ჩვენი წარსულის განქიქებას ემსახურება, სახელს უტეხს უფროს თაობას, სპობს მემკვიდრეობითობას თაობათა შორის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თვით ქართველი ერის გადარჩენა-შენარჩუნების საკითხს. ჩვენს ვეტერანებს ასეთი საქართველოსთ ვის არ უბრძოლიათ.

მეორე მსოფლიო ომის საკითხებში საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის საინფორმაციო პოლიტიკა ისტორიის ფალსიფიკაციის, მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვის, საბჭოთა პერიოდის დისკრედიტაციის, ჩვენი წინა თაობების პატივისა და ღირსების დამცირების საერთაშორისო კამპანიის შემადგენელი ნაწილია.

ჰოლივუდური ფილმებით, მოსყიდული ცრუისტორიკოსებისა და ყველა ჯურის სატელევიზიო მოღვაწის „აღმოჩენებით“ შეზავებული ომის ისტორიის დასავლური ვერსია, რომელიც ანგლოამერიკელებს „ფაშიზმისგან მსოფლიოს მხსნელებად“ წარმოაჩენს, ნებისმიერი განათლებული ადამიანის სამართლიან გულისწყრომას იწვევს, ვინაიდან გვახსოვს, რომ ყოველი ათი განადგურებული დივიზიიდან რვა გერმანელებმა სწორედ აღმოსავლეთის ფრონტზე დაკარგეს.

კონფერენციის მონაწილენი კატეგორიულად ვგმობთ ისტორიული მოვლენების უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ ფალსიფიკაციას და მოვუწოდებთ ყველა წესიერ ადამიანს, პატრიოტებს, უერთგულონ წინაპართა ნათელ ხსოვნას, რომლებმაც სისხლისმღვრელ ომში დაიცვეს ჩვენი სიცოცხლე და მომავალი.

 

თბილისი, 25 ივნისი, 2011 წელი