საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი, ნიკა მოსიაშვილი ე.წ. მიხაილოვის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ პარლამენტთან 7 მარტს გამართულ აქციაზე, დაკავებისას მიყენებული დაზიანებების გამო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისულების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა თავად ზურაბ ჯაფარიძემ.
"სასწრაფო-სამედიცინო სამსახური მოსული იყო, რომელმაც დაადგინა, რომ გამოკვლევებისთვის ვექვემდებარებით საავადმყოფოში გადაყვანას. იმის გამო, რომ თავის ტვინის დაზიანებები გვაქვს მიღებული, საავადმყოფოში გადავყავართ.
სინამდვილეში, ეს საქმე ჩემი და მოსიაშვილის დაკავების საქმე არ არის, ეს არის ჩვენი გატაცების საქმე. აქციაზე ვიყავით, არავისთვის არანაირი ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. პირიქით, სპეცრაზმის წევრებმა დაიწყეს ახალგაზრდების ცემა, რა დროსაც მე ზურგით ვხვდებოდი სპეცრაზმს, რომ ბავშვებს გადავფარებოდი. ამ დროს უკან გადამათრიეს, თან მიმათრევდნენ და მირტყამდნენ. მას შემდეგ, რაც ჭიშკარში შემათრიეს, ჩვენი ცემა შიგნით გააგრძელეს: ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით. პოლიციელებს ვესაუბრებოდი, რის შემდეგაც ფეხზე დამდგარი გვცემეს, სახეში გვირტყეს. გასაგებად გვითხრეს, თუ საუბარს არ შევწყვეტდით, ამას გააგრძელებდნენ, ამას სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ. ყველას ნიღაბი ეკეთა, სახეები არ მახსოვს. მე ზოგადად არ ვიგინები და არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. 900-ჯერ ვყავარ დაკავებული და ვერც ერთხელ მტკიცებულება ვერ დადეს, ახლაც ვერ დადებენ. ჩვენ გაგვიტაცეს და ანგარიში გაგვისწორეს. დაახლოებით საათი იმ ეზოში დავყავით და ჩუმად ვიდექით, რადგან საუბრის გამო გვცემდნენ. ვუყურებდით ჩვენ თვალწინ როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციას. დაახლოებით საათის შემდეგ კრიმპოლის თანამშრომლები მოვიდნენ, რომლებიც იქცეოდნენ წესიერად, პროფესიონალურად და სამმართველოში გადაგვიყვანეს.
მოსამართლე აშკარად ანგაჟირებულია, პროცესის გადადება არ უნდოდა. სასწრაფოს მხრიდან დადასტურება დასჭირდა, რომ საჭირო იყო ჩვენი გადაყვანა”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი შსს-ს წარმომადგენლებმა 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.