აქტუალური
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2011 წლის იანვარი-მაისის მდგომარეობით

saqstati5საქსტატის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3328 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 857 მლნ აშშ დოლარი იყო (41 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 2471 მლნ აშშ დოლარი (35 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-მაისში 1614 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (33 პროცენტით მეტი).

2011 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 837 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 32 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 147 მლნ აშშ დოლარი იყო (21 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 690 მლნ აშშ დოლარი (34 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 25 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში – 17 პროცენტი და იმპორტში – 28 პროცენტი (2010 წლის იანვარ-მაისში, შესაბამისად, 26, 20 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2010 წლის იანვარ-მაისში – 32 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2011 წლის იანვარ-მაისში 1150 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2010 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, 47 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტი 399 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა (79 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 751 მლნ აშშ დოლარი (34 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილი 35 პროცენტი იყო, მათ შორის, ექსპორტში 47 – პროცენტი და იმპორტში – 30 პროცენტი (2010 წლის იანვარ-მაისში, შესაბამისად, 32, 37 და 31 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22 პროცენტი (2010 წლის იანვარ-მაისში – 28 პროცენტი).

2011 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად კვლავ თურქეთი (539 მლნ აშშ დოლარი), უკრაინა (355 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (347 მლნ აშშ დოლარი) რჩება, უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის მარტიდან უკრაინამ, პოზიციურად, მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.