სამართალი
7-9 მარტის აქციებისას 134 პირი დააკავეს

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. 7-9 მარტს, მმართველი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციებისას 134 პირი დააკავეს. მათგან 133-ს შსს ადმინისტრაციულ დანაშაულს – წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას, ერთს კი – სამართალდამცველზე თავდასხმას ედავება, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული 133-დან შსს-მ 67 პირი 8-9 მარტს დააკავა. მათგან 10 დღის პირველ ნახევარში, იმ დროს, როდესაც ისინი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მიემართებოდნენ, დანარჩენები კი უკვე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეები იქცეოდნენ აგრესიულად და დააზიანეს პარლამენტის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, რკინის ცხაურები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა სახის საგნებსა და პიროტექნიკას. ამასთან, დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანას, დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი, სახანძრო ავტომანქანა, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების ფასადები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები.

სამართალდამცველებმა ასევე 8 მარტს დააკავეს პოლიციელზე თავდასხმაში 1 ეჭვმიტანილიც. მას 4-7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დანარჩენი 66 პირი შსს-მ 7-8 მარტის ღამეს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. შსს-ს განცხადებით, წუხანდელი საპროტესტო აქცია გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს გასცდა და ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რა დროსაც პარლამენტთან შეკრებილებმა საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება სცადეს, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

მიუხედავად სამინისტროს არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს, – აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ დემონსტრანტები სამართალდამცველები მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს.

„აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა… დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით“.

უწყებისვე განცხადებით, დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი დაშავდა, რომელთაგან რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.

შსს-ს თქმით, დემონსტრანტების მხრიდან „მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის“ გამო, „იძულებული გახდა“, რომ „პროპორციული ძალა“ და „იძულების სპეციალური საშუალებები“ გამოეყენებინა. უწყება ყველა იმ პირის ქმედებას შეისწავლის, რომლებმაც ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაკავებულთა მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

გუშინ ღამით საპროტესო აქციაზე პოლიტიკოსებიც დააკავეს, მათ შორის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი და პარტიის წევრი ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი მუმლაძე.

ადვოკატის თქმით, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური დაზიანებები აქვს და მას დაჭერის შემდგომაც სცემეს და „ურტყამდნენ იმიტომ, რომ ლაპარაკობდა“. ეუბნებოდნენ, რომ გაჩუმდი, თორემ კიდევ გავაგრძელებთ შენს ცემასო, – უთხრა მან ჟურნალისტებს და დასძნა, რომ ჯაფარიძის დაზიანებები პირდაპირ თვალსაჩინოა და ეტყობა, მათ შორის, თავზე ხელკეტის ჩარტყმისგან გაჩენილი აქვს წითელი ლაქები.

საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა ნაწილი დღეს ახლადარჩეულმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმაც მოინახულა და თქვა, რომ მათგან ზოგი ისეთიც არის, რომელთაც აქციასთან კავშირიც არ ჰქონიათ. ერთმა თქვა, რომ საერთოდ გამვლელი ვიყავი, მტაცეს ხელი და ჩამსვეს მანქანაშიო, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, დაკავებულთაგან „ყველაზე სერიოზული დაზიანებები ვიზუალურად ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება, სხვებს არ აქვთ ასეთი ვიზუალური დაზიანებები, – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ „ეს ექიმებმა უნდა შეაფასონ“.

კითხვაზე – „გამოიყენეს თუ არა სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა?“ – ომბუდსმენმა უპასუხა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ვიზუალურადაც ჩანდა, რომ „ძალის გამოყენების პროპორცია იყო აშკარად გადამეტებული სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან“. მანვე სამართალდამცველების მისამართით თქვა, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან [და] შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადაიზრდება ხოლმე ძალადობაში.

მივმართავ სამართალდამცველებს, რომ მათ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, ანგარიში გაუწიონ თავიანთ ძალას და ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ მოქალაქესთან მიმართებაში არ გადაამეტონ საკუთარ ძალას, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ის ომბუდსმენის აპარატის სხვა თანამშრომლებთან ერთად დღევანდელ აქციასაც ადგილზე დააკვირდება.