საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს ჯაშუშების გეგმებისგან დაცვის გარეშე, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება და სუვერენიტეტსაც დაკარგავს.
„ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან. თუ ჩვენ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცალ ფეხზე სიარულით ევროკავშირში ვერასოდეს შევალთ. როდესაც ხელისუფლების მიერ ევროპული ინსტიტუტების პატივისცემაზეა საუბარი, გვინდა, შეგახსენოთ, რომ დაპირებისამებრ, ჩვენ უკვე გავაგზავნეთ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად და შესაბამისად, მისი განხილვა მხოლოდ რამდენიმე თვეში, ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა წუხილი, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირდება.
„აქედან ჩანს, თუ სინამდვილეში რამდენად უსაფუძვლოა წუხილი, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირდება. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და 90 პროცენტზე მეტი ნდობას უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქედან ცხადად ჩანს, რომ ეკლესიის მაგინებლები ვერასოდეს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში. ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.