თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა 24 ივნისს საქართველოში ათდღიანი ვიზიტის შეჯამებისას ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მკაცრი განაჩენები, პროკურორთა გავლენიანი როლი, გამამართლებელი განაჩენების მცირე რაოდენობა, წინასწარი პატიმრობის ხშირი გამოყენება და გირაოს პრაქტიკის „თითქმის არარსებობა“.
15-24 ივნისს საქართველოს მთავრობის მოწვევით გამართული ვიზიტის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც სენეგალელი ელ ჰაჯი მალიკ სოუ ხელმძღვანელობს, თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს სტუმრობდა და 160-მდე დაკავებულს პირისპირ გაესაუბრა. ჯგუფი, ასევე, შეხვდა აღმასრულებელი, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საბოლოო ანგარიშს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2012 წლის მარტში წარუდგენს, წინასწარ შედეგებზე თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მართალია, კანონი ზოგადად უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესაბამის გარანტიებს, მაგრამ სასამართლოს სისტემის შიდა პრაქტიკა შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობას.
ჯგუფმა, ასევე, განაცხადა, რომ „ბევრი ინფორმაცია“ მიიღო იმ შეხედულების გასამყარებლად, რომ მსჯავრდებულთა უფლებები „საკმაოდ ხშირად მინიმალურია ბრალდების მხარის უფლებებთან შედარებით“.
„შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სასამართლოში განხილულ საქმეთა, დაახლოებით, 90 პროცენტში საპროცესო გარიგება გამოიყენება მოსამართლეთა მინიმალური ჩარევით, – განაცხადა ელ ჰაჯი მალიკ სოუმ. – გამოკითხულ პირთა, მათ შორის, ადვოკატთა შეხედულებით, განაჩენები ხშირად ბრალდების და არა დაცვის მხარის სასარგებლოდ არის გამოტანილი“.
იმ ფონზე, როცა გამამართლებელი ვერდიქტების რაოდენობა 0.1 პროცენტს შეადგენს, გაეროს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოკითხულთა რამდენიმე დაკავებულმა განაცხადა, რომ ისინი ზეწოლას განიცდიან, რათა აღიარონ დანაშაული და საპროცესო გარიგებას დათანხმდნენ გამამართლებელი ვერდიქტის მინიმალური და მკაცრი განაჩენის მაქსიმალური შანსების გამო.
„გირაოს გამოყენების ნაკლებობამ და ხელისუფლების მკაცრმა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ ხელი შეუწყო იმას, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა პატიმართა რაოდენობის მხრივ, – განაცხადა ელ ჰაჯი მალიკ სოუმ. – საჭიროა პატიმრობის ალტერნატიული ზომების გამოყენება, კერძოდ, იმ შემთხვევებში, სადაც ამის გაკეთება აშკარად გამართლებულია“.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, ასევე, განაცხადა, რომ გირაოს გამოყენება თითქმის არ ხდება და ბევრმა დაკავებულმა, რომელთაც გირაო მოითხოვეს, უარი მიიღეს.
ჯგუფმა გააკრიტიკა პარლამენტის მიერ 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილებაც, რომლითაც ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 30-დან 90 დღემდე გაიზარდა. გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ დროებითი დაკავების იზოლატორები გრძელვადიანი პატიმრობისთვის არ არის შესაფერისად მოწყობილი და დაკავებულთა უფლებები ამ კუთხით „არ არის ადეკვატურად დაცული“.
„საქართველოს სასამართლო სისტემას შესწევს უნარი, ფუნდამენტურ პროგრესს მიაღწიოს იმ სხვადასხვა პოზიტიური რეფორმის გზით, რომლებიც მან განახორციელა, მაგრამ მან უნდა გამოავლინოს თავისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და უზრუნველყოს, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება მიენიჭოთ მხარეებს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე“, – განაცხადა ჯგუფმა.
თბილისში პრესკონფერენიაზე საუბრისას ჯგუფის წევრმა უკრაინიდან ვლადიმერ ტოჩილოვსკიმ განაცხადა, რომ „საკმაოდ რადიკალური რეფორმა“ განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან მიმართებაში, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.
„სამართლიანი სასამართლოს მეტი ელემენტი იქნა შემოღებული; თუმცა, ამავე დროს, შესაძლოა იმიტომ, რომ კანონი საკმაოდ ახალია, კვლავ არსებობს საკითხები, სადაც შემდგომი გაუმჯობესება არის შესაძლებელი“, – განაცხადა მან.
სამუშაო ჯგუფმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლასაც იმედოვნებდა, თუმცა „ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეს შეუძლებელი გახდა“.