საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. არასამთავრობოები პოლარიზაციას აღვივებენ – კანონს „პრევენციული ეფექტი“ ექნება
კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. თუმცა, მისივე თქმით, „კანონები შეიძლება მივიღოთ და მივიღეთ ეს კანონები“, მაგრამ „რადიკალური ოპოზიცია და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები“ ხელს უშლიან უმრავლესობას, რომ დეპოლარიზაციას და შედეგად ევროკომისიის პირველი რეკომენდაციის შესრულებას მიაწღიონ. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი სწორედ არასამთავრობოებმა ჩაშალეს [რეალურად, მმართველმა პარტიამ ჩააგდო არასამთავრობოების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიერ შექმნილი კომისია მათ მხარს უჭერდა].
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ვინაიდან ზოგიერთი ეს არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოელი დონორების მიერ ფინანსებდა, რომლებიც ამით პოლარიზაციას უჭერენ მხარას, „უცხოეთის აგენტებზე“ კანონის მიღებას „პრევენციული ეფექტი“ ექნება, ანუ „ვიღაცები თავს შეიკავებენ პოლარიზაციის დაფინანსებისგან“.
მანამდე კობახიძემ ორი კონკრეტული დონორი ორგანიზაცია დაასახელა – „დემოკრატიის ევროპული ფონდი“ (EED) და „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED). მისი თქმით, EED-ი, რომელიც ევროპარლამენტთანაა აფილირებული და აშშ-ის მიერ დაფინანსებული NED-ი მხარს უჭერენ მოძრაობა „სირცხვილიას“ და პარტია „დროას“, რომლებიც, კობახიძის თქმით, „ექსტრემისტული ორგანიზაციებია“ და პოლარიზაციას ამწვავებენ.
მისივე განცხადებით, იმ დეპუტატებს, რომელთაც საკომიტეტო მოსმენაზე „აგენტების“ შესახებ კანონპროექტები გააპროტესტეს, დავალება ჰქონდათ, რომ პოლარიზაცია გაემწვავებინათ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უარყო, რომ კანონის მიღება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას დააბრკოლებს, ვინაიდან, მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის ერთადერთი დაბრკოლება პოლარიზაციაა, ხოლო კანონი მოხსნის პოლარიზაციას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
ის, ვინც ამას „რუსულ კანონს“ უწოდებს, „უბრალოდ ცრუპენტელაა“
კობახიძემ გაიმეორა არგუმენტი, რომ ერთ-ერთი კანონპროექტი ამერიკული კანონის „ზუსტი ასლია“ და მათი „რუსულ კანონებად“ მოხსენიება იგივეა, რომ „კრაისლერს მოსკვიჩი“ დაუძახო. მისი თქმით, ოპოზიციის სურვილი, რომ კანონპროექტები რუსულ კანონებად წარმოაჩინოს არის „სტიგმატიზაციის მცდელობა და ცარიელი სიყალბე“. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ამერიკული კანონი „არის ძალიან უხეში, კატასტროფული კანონია“, ხოლო თავდაპირველი კანონი, რომელსაც ის ქართულ კანონად მოიხსენიებს, არის „გაფილტრული, გაკეთილშობილებული ვარიანტი, მოყვანილი შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან“.
არასამთავრობოები ებრძვიან ჩვენს იდენტობას
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტული ხელმძღვანელებიც დაასახელა და იმის მტკიცებულებად, რომ ისინი ქართულ იდენტობას ებრძვიან, მათი ციტატები მოიყვანა სოციალური მედიის პოსტებიდან, სადაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აკრიტიკებენ. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ბუნებრივად ყალიბდება და არა ასეთი „მახინჯი“ მეთოდებით, „იქმნება აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესის საფუძველზე“, ხოლო მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის სამოქალაქო საზოგადოების შედარება ახლანდელთან „სახეში შეფურთხებაა ქართველი ხალხისთვის და ქართული ისტორიისთვის და ეს არ უნდა გავატაროთ“. „ამას როგორც კი გავატარებთ, შენი იდენტობა იქ დამთავრდება“, – დასძია მან.
მოწინააღმდეგეები პარლამენტში „ეკლესიის მაგინებლები“ იყვნენ
იმ ადამიანების „აბსოლუტური უმრავლესობა“, ვინც „პარლამენტში უსტვენდა“ კანონის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად „ეკლესიის მაგინებლები“ არიან და ხალხმა უნდა იცოდეს, თუ ვისი დაფინანსებით ლანძღავენ ისინი ეკლესიას და საზოგადოებამ ამას პასუხი უნდა გასცეს.
არასამთავრობოებმა მონაწილეობა მიიღეს გეგმაში, რომლის ფარგლებში თბილისში რუსული ტანკები შემოვიდოდა
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 19 აპრილის შეთანხმების მიზნის მიღწევის შემთხვევაში „თბილისში იდგებოდა რუსული ტანკები“. მისი თქმით, ამ სავარაუდო გეგმაში შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მონაწილეობდნენ -„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „საფარი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“. „გარანტიით გეუბნებით, 2021 წელს მათი გეგმა რომ განხორციელებულიყო, თბილისში გვეყოლებოდა რუსული ტანკები. ახლა თქვენ განსაჯეთ, ვინ არის რუსული ძალა და ვინ არის ქართული ძალა, სად არის პატრიოტიზმი და სად არის სხვისი მსახურება“, – აღნიშნა მან.
კონკრეტული მოთხოვნები „პატიოსანი თამაშის წესების“ მიმართ
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლების ღია კრიტიკას ეხებოდა, კობახიძემ განაცხადა, რომ მათ მხოლოდ „პატიოსანი თამაშის წესები“ უნდათ, რომელიც არ გამოუთხრის ძირს ქვეყნის ღირსებას და სუვერენიტეტს.
კობახიძის თქმით, ტერმინი „უცხოეთის აგენტი“ შესაძლოა სადავო იყოს, მაგრამ „დღეს რა გამოჩნდა – ვინც მართლა ჯაშუშია, იმან მიიღო თავის თავზე“. კობახიძემ აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც „ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია კეთილსინდისიერადაა დაკავებული იმ საქმიანობით, რომელიც მართლა შედის ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში“, არსებობს 10-15 ორგანიზაცია, რომელსაც დონორების დაფინანსების 2/3 აქვს და მიუღებელ საქმიანობაშია ჩართული. მან პირდაპირ დაასახელა ზოგიერთი ასეთი საქმიანობა და ორგანიზაცია.
ქვემოთ დასავლელი დონორების მიმართ მოთხოვნების ჩამონათვალია მოცემული:
შეწყვიტეთ „სირცხვილიას“ და „დროას“ დაფინანსება
კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისინი „ექსტრემისტული ორგანიზაციები“ არიან, რომელთა ფინანსური მხარდაჭერა დასავლელი დონორების მიერ უნდა შეწყდეს, ვინაიდან ეს პოლარიზაციის კუთხით ორმაგი სტანდარტების მანიშნებელია.
შეწყვიტეთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ „ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების“ დაფინანსება
კობახიძემ განაცხადა, რომ უცხოეთის მიერ დაფინანსებულმა კონკრეტულმა ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს საზოგადოებრივ პროტესტს ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. მისი თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობის ჩაშლა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და, შესაბამისად, მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. ამიტომ, ორგანიზაციები, რომლებიც ჰესის მშენებლობას ბლოკავენ, „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ახორციელებენ იქაური დაფინანსებით“.
შეწყვიტეთ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ერთ-ერთ ორგანიზაციას, რომელსაც ის არ დაასახელებს იმიტომ, რომ „ცოტა სენსიტიური თემაა“, აქვს „პოლიტიკური ინტერვენციის მცდელობა რელიგიური სარჩულით, რასაც სინამდვილეში არავითარი კავშირი არ აქვს რელიგიასთან და რწმენასთან“. მისივე თქმით, „ამ რელიგიური სარჩულის გამოყენების დროს მიმართავენ ხან ტრადიციულ კონფესიებს, ხან არატრადიციულ კონფესიებს და სექტებს“. „არის ერთი კონკრეტული, გამორჩეული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ამის ხელშეწყობით არის დაკავებული“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ეს საკითხი რამდენჯერმე დაგვიყენებია კაბინეტებში, მაგრამ პროგრესი არის ძალიან შეზღუდული“.
შეწყვიტეთ „სამართლიანი არჩევნების“ დაფინანსება
„როდესაც უცხოული დაფინანსებით გიყალბებენ პარალელული ხმის დათვლის შედეგებს (PVT)“, დონორები უნდა „გაემიჯნონ“ ასეთ ორგანიზაციებს. მან პირდაპირ დაასახელა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, როგორც ორგანიზაცია, რომელმაც PVT „გააყალბა“. კობახიძე 2020 წლის არჩევნების დროს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელული დათვლის დროს გამოვლენილ ხარვეზს გულისხმობდა.
შეწყვიტეთ პოლიტიკური აქტივობის მხარდაჭერა
კობახიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ორგანიზაცია „კონკრეტული დაფინანსებით“ დგება სცენაზე და ითხოვს მთავრობის გადადგომას, რასაც „NGO-სთან საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს“. ეს კრიტიკა ეხებოდა 24 ივნისის აქციაზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც მოქალაქეებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მათ შორის, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, დაგმო ხელისუფლების მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერმიღება და ევროკავშირის პირობების შესასრულებლად ხელისუფლებას „ეროვნული ერთობის მთავრობის“ შექმნისკენ მოუწოდეს.
წყარო: Civil.ge