საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 94 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 42 საჯარო, ხოლო 52 კერძო. 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 103 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 46.6 პროცენტი ქალია, ხოლო 53.4 პროცენტი – მამაკაცი. 2021 წელთან შედარებით, სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 25.9 პროცენტით. რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს თბილისი (36.7%), რომელსაც მოსდევს აჭარა (19.9%), იმერეთი (10.0%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (9.4%), კახეთი (6.1%) და ქვემო ქართლი (6.0%).
უწყების მონაცემებით, 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 263 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 38.8 პროცენტი ქალია, ხოლო 61.2 პროცენტი – მამაკაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში (47.5%), მეორე ადგილზე კი იმერეთია (9.9%). ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 7 605 სტუდენტი შეადგინა, რომელთაგან 48.8 პროცენტი ქალია, ხოლო 51.2 პროცენტი – მამაკაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის (24.2%), მომსახურებების (20.4%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.8%), ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის (13.3%) პროგრამებზე.