ქართული ფეხბურთის სირცხვილი
საქინფორმი ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით მკითხველს აუწყებს, რომ ვახტანგ კვარაცხელია უახლოეს მომავალში უკრაინაში ჩავა და უმაღლეს დივიზიონში ახლახან აღზევებულ „ალექსანდრიაში“ გაივლის სინჯებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია – ქართულ ფეხბურთში კერძო ინვესტიციების შემოსვლის მიუხედავად, ჩვენს კლუბებში დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული სამარცხვინო მენეჯმენტი მაინც არ იცვლება. კლუბი, რომელსაც პრეტენზია აქვს ბრენდობასა და ლეგენდარულობაზე, მასთან ხანგრძლივი კონტრაქტით დაკავშირებულ ფეხბურთელს ნებას რთავს, წავიდეს სინჯებზე.
როგორც ჩანს, ქართული საკლუბო ფეხბურთის ამოსავალი პრინციპი – თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, ძალით ხომ არ დააკავებ? – არ კარგავს აქტუალობას და კვლავაც ფონად გასდევს ჩვენი გუნდების მენეჯმენტს. საბედნიეროდ, ქართულ ფეხბურთში არსებობენ ილია კოკაიას მსგავსი სპორტსმენებიც, რომლებიც კლუბის ღირსებასა და პრესტიჟს ყველაფერზე მაღლა აყენებენ. ასევე უნდა ითქვას ბუბა ტყავაძეზეც, რომლის მმართველობის პერიოდშიც „დინამოს“ არც ერთ ფეხბურთელს სხვაგან ძალების მოსინჯვა არც უცდია. სამწუხაროდ, ამგვარად მოაზროვნე ხალხი ქართულ ფეხბურთში თითზე ჩამოსათვლელია და შედეგიც შესაბამისი გვაქვს.