საზოგადოება
სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის სოფლებში მოსავალი გაანადგურა

dasetyvili„23 ივნისის საღამოს ლაგოდეხის რაიონის სოფლების უმრავლესობა დაისეტყვა. მოსავალი ზოგან თითქმის 100 პროცენტით განადგურდა. დაისეტყვა ვენახები, სიმინდის ნათესები, საზამთროსა და ხეხილის ბაღები, ბაღჩეული კულტურა“, – იტყობინება რადიო „ჰერეთი“.

დასეტყვილია სოფლები თელა, წიფლისწყარო, შეერთება, გელათი, ნინიგორი, განათლება, ქვემო გურგენიანი, ბაისუბანი, კართუბანი, ბოლოკიანი და ნაინდროვალი.

კართუბნის მოსახლეობის თქმით, სოფელი იმდენად არის დასეტყვილი, რომ წელს ვერცერთი სახეობის მოსავალს ვერ მიიღებენ.

დაზარალებულ სოფლებში დილიდან უკვე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია.

მუნიციპალიტეტის გამგებელ დიმიტრი ლოლაძის განცხადებით, ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით დაეხმარებიან მოსახლეობას.