ედპ ხელისუფლებას მოუწოდებს, საფრანგეთს ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადირება მოსთხოვოს
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ შსს-ის მიერ ოქრუაშვილსა და მისი პარტიის წევრებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალებზე საუბრისას განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარი ქმედებებით თავი ქვეყნის კონსტიტუციისა და ხალხის მიღმა დაიყენა. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა არჩევნებია, ოქრუაშვილმა კი ამას ძალადობრივი გზა ამჯობინა. „მან ხელისუფლებაში მოსვლა ძალადობის გზით გადაწყვიტა, რაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფარგლებს სცდება და უკვე სამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადადის“, – განაცხადა ჩახვაძემ.
ჩახვაძემ ხელისუფლებას ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადირების მიზნით საფრანგეთის ხელისუფლებისთვის სათანადო მიმართვისაკენ მოუწოდა.
ჩახვაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა, რომელიც დეპუტატის მოთხოვნას დაეთანხმა.