ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFK) 115.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოყოფენ საქართველოში ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის.
სესხი საქართველოს ურბანული ენერგეტიკის კომპანიისთვის გამოიყოფა, რომელიც თურქული კონგლომერატის – „Anadolu Group“-ის ადგილობრივი დაქვემდებარებული ორგანიზაციაა.
EBRD-ის განცხადებით, იგი მთლიანი დაფინანსებიდან 52 მილიონ აშშ დოლარს დაფარავს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია 40.5 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. დანარჩენი 23 მილიონი აშშ დოლარის სინდიცირება კომერციულ ბანკებთან ერთად განხორციელდება. პროექტის ფარგლებში EBRD-ის ექნება წილობრივი მონაწილეობაც საქართველოს ურბანული ენერგეტიკის კომპანიაში 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.სესხი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით ფარავნის 87-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ოპერირების თანადაფინანსებას მოხმარდება.
პროექტი ითვალისწინებს ქართული ბაზრის ელექტროენერგიით მომარაგებას ზამთრის პერიოდში, ხოლო დანარჩენი ცხრა თვის განმავლობაში – ელექტროენერგიის ექსპორტს თურქეთში.
EBRD-მა განაცხადა, რომ ეს არის მისი პირველი ინვესტიცია საქართველოს განახლებადი ენერგიის სფეროში.
სხვა ფართომასშტაბიანი ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მსგავსად, გარემოს დამცველებმა შეშფოთება გამოხატეს ფარავანჰესის მშენებლობის გეგმებზე და განაცხადეს, რომ ამგვარი პროექტების უარყოფითი ზემოქმედება ნებისმიერ ეკონომიკურ სარგებელს გადაწონის.
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი წუხილი სოფელ ხერთვისის შესაძლო დატბორვას უკავშირდება და პროექტის სოფელზე ზემოქმედების დამატებითი შესწავლისკენ მოუწოდებს.