რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი“ - რა არ გაითვალისწინა მარია ზახაროვამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ურთიერთობის შესახებ კითხვაზე პასუხისას

     2023 წლის 13 თებერვალს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვა კითხვაზე - “როგორ შეაფასებდით რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან? როგორ გეგმავს მოსკოვი ამ რესპუბლიკებთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას?” - უპასუხა შემდეგი:

   15 წლის წინ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა და პროგრესული განვითარება, თანამედროვე და თვითკმარ სახელმწიფოებად ჩამოყალიბება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს რუსეთის მოქალაქეობა და მხარს უჭერს რუსეთთან მოკავშირეობის გაღრმავების პოლიტიკას. ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში, რამაც შექმნა პირობები სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებისთვის. ურთიერთობების ნამდვილად მოკავშირე ხასიათის ნათელი მაგალითი იყო მათი მხარდაჭერა სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპორჟიეს და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერიანებისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რუსული სამხედრო ბაზები, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვა გარედან შესაძლო პროვოკაციების აღკვეთის მიზნით, რაც აქტუალურია ახალ გეოპოლიტიკურ რეალებში. დაჟინებით ვცდილობთ მივიღოთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებები ამ ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამაში ვხედავთ რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის გარანტიას... მივისწრაფვით ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებთან მოკავშირე ურთიერთობების ყოვლისმომცველი განვითარებისკენ“.

   სანამ კომენტარს გავაკეთებდეთ ქალბატონ ზახაროვას ზემოხსენებულ პასუხზე, რომელსაც დროულსა და უპრიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, აღვნიშნავთ მის ზოგად საქართველოს მიმართ არამეგობრულ ტონალობას, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ აბსოლუტური მეგობრულობის ფონზე. რაც სამწუხაროა, რადგან ქართველებს ახსოვს ზახაროვას საქართველოს მიმართ სითბოთი გამსჭვალული პასუხი 2019 წლის 13 დეკემბერს თბილისში, „SPUTNIK-Georgia“-ს მულტიმედიურ პრესცენტრში „მოსკოვი-თბილისი-კიშინიოვი-მინსკი” ვიდეოხიდზე შეკრებილი ჟურნალისტებისთვის: ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრჯერ მიმიწვიეს სტუმრად (მეგობრებმა საქართველოში - რედ.)! ესენი არიან თავიანთი ქვეყნის ზეღირსეული ადამიანები, ნამდვილი პატრიოტები, თანამედროვე საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები. და მეც ძალიან მინდა მათ მონახულება, რადგან მათ მოსკოვში სტუმართმოყვარედ ვმასპინძლობ. ვკამათობთ, ვმსჯელობთ პრობლემებზე... ჩემი ბავშვობა თბილისის სილამაზეზე ისტორიებით აღსავსე იყო... თბილისში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მესმის, რომ არ შემიძლია (საქართველოში ჩასვლა - რედ.), ვგრძნობ რა ჩემს პასუხისმგებლობას იმაზე , რომ არ გავხდე მორიგი პროვოკაციის მიზეზი, - განაცხადა მაშინ ზახაროვამ, იგულისხმა რა იმავე წლის 20-21 ივნისის თბილისში განვითარებული მოვლენები, რომლებიც უახლეს ისტორიაში „გავრილოვის ღამის“ სახელით შევიდა.

   ჩვენთვის დღემდე უცნობია ვინ არიან ისინი - ზახაროვას მეგობრები საქართველოში, ეს თავიანთი ქვეყნის ზეღირსეული ადამიანები, ნამდვილი პატრიოტები, თანამედროვე საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები. ვიმედოვნებთ, რომ ქალბატონ ზახაროვას მხედველობაში არ ჰყოლია პოლიტიკურ ასპარეზზე საქმოსანი ქართველი კომბინატორები, რომლებსაც ერთ დროს პრორუსის სახელი ჰქონდათ - ერთგვარი ორსახიანი „იანუსები“, რომლებიც ახლო წარსულში ხშირად სტუმრობნენ მოსკოვს და ჰქონდათ პატივი, ხელი ჩამოერთმიათ თვით რუსეთის პრეზიდენტებისთვის, შემდგომ კი პროდასავლელებად, წარმატებულებად და გამდიდრებულებად მოგვევლინდნენ. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ეს „იანუსები“ მზად არიან კავკასიონის ქედზე ნარნარად შემობრუნებისთვის, რათა საპირისპირო - ისევ ჩრდილოეთის კურსისკენ აიღონ გეზი...

   უკიდურესად გაკვირვებულები ვართ - მაშინ, ოთხი წლის წინ, როცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობამ ფსკერს მიაღწია, რატომ იგრძნო ქალბატონმა ზახაროვამ თავისი პასუხისმგებლობა, არ ქცეულიყო მორიგი პროვოკაციის მიზეზადდა არ დაეღალატებინა ქართველი მეგობრები, დღეს კი, როცა „ჩვენს ქუჩაზე“ გაზაფხულის პირველი ნიშნებია, პასუხისმგებლობის გრძნობამ მას, ცოტა არ იყოს, უღალატა? არ გვინდა ლიტონი სიტყვები - გავაანალიზოთ ზახაროვას ზემოხსენებული პასუხი, მაგრამ ჯერ გამოვრიცხოთ, რომ ზახაროვა - დიპლომატი, ჟურნალისტი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით და მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკი - მხოლოდ კონკრეტულ დაინტერესებულ აუდიტორიას მიმართავდა და არ ითვალისწინებდა, რომ მის პასუხს გაიგონებენ საქართველოშიც, სადაც ბოლო ხანებში, რუსეთთან დათბობის პირობებში, აღმოჩნდა, რომ ქართველებს სულაც არ დავიწყებიათ რუსული ენა, განსაკუთრებით - მარკ ფეიგინის ქართველ მეგობრებს რადიკალური ოპოზიციიდან.

   მაშ ასე, ღირს კი დღეს - როცა კოლექტიურმა დასავლეთი ასე წარმატებით მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია ქართველი ხალხის თვალში საქართველოს იძულებით გაათავისუფლოს სააკაშვილი და იომოს რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების გატარებაში, როდესაც ლავროვი გამოხატავს პატივისცემას საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიციის მიმართ მიუხედავად კოლექტიური დასავლეთის უმძლავრესი ზეწოლისა - იმის თქმა, რომ „15 წლის წინ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა და განვითარების წინსვლა, თანამედროვე და თვითკმარ სახელმწიფოებად ჩამოყალიბება“? რატომ უნდა ჩააყენო საქართველოს ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ოპოზიციის წინაშე, რომელიც უკვე ქილიკობს - აქაოდა, ახია თქვენზე, დაუძახეთ დათვს ბაბაია რამდენიც გინდათ - სულ ფუჭია, ზახაროვამ შეგახსენათ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია და გადასინჯვას არ ექვემდებარება! ამას ადასტურებს ზახაროვას პასუხის ბოლო წინადადებაც - ვისწრაფვით გავაგრძელოთ კურსი ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებთან მოკავშირე ურთიერთობების ყოვლისმომცველი განვითარებისკენ. განა ვინმეს მოსკოვში, თბილისში, სოხუმსა თუ ცხინვალში სერიოზულად სჯერა, რომ ეს ტერიტორიები ოდესმე, რუსეთის მხარდაჭერითაც კი, თვითკმარ სახელმწიფოებად იქცევიან?!

   გავაგრძელოთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს რუსეთის მოქალაქეობა და მხარს უჭერს რუსეთთან მოკავშირეობის გაღრმავების პოლიტიკას, - ამბობს ზახაროვა, რომელსაც არ შეიძლება არ ახსოვდეს, რომ თბილისის მთავარი არგუმენტი, რომელიც ათასჯერ გაჟღერდა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, იყო - „რუსეთი განზრახ ხელგაშლით არიგებდა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსულ პასპორტებს, რათა მომავალში ჰქონდეს საბაბი სამხედრო შემოჭრისთვის საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით. მაშ, რამდენად უპრიანია დღეს რუსეთისთვის ამ აშკარად წამგებიანი და ისედაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტის შეხსენება?!

   ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულია ხელშესახები შედეგები ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში, რამაც შექმნა პირობები სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური პოზიციების გასაძლიერებლად - ზახაროვას ასეთი ინტერპრეტაცია ძნელად სარწმუნოა, რადგან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაფერია ცნობილი სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების შესახებ. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარების პროცესი ჩავარდა და მათი დამოუკიდებლობა რუსეთის მოკავშირე სახელმწიფო ბელარუსმაც კი არ ცნო. მით უფრო უსაფუძვლოა საუბარი ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებაზე იმ პირობებში, როცა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის დოტაციაზე იმყოფება.

   გარკვეულწილად ნათელს ჰფენს ქალბატონ ზახაროვას მოტივაციას შემდეგი წინადადება: ურთიერთობების ჭეშმარიტად მოკავშირული ხასიათის ნათელ მაგალითად იქცა მათი მხარდაჭერა სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანებისთვის. უდავოა, რუსეთი მადლიერია აფხაზების, ოსების, ჩეჩნების და სხვა ხალხების, რომლებიც დღეს რუსების მხარდამხარ იბრძვიან, მაგრამ რამდენად სასარგებლოა დღეს, ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების რიჟრაჟზე, ამის შეხსენება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი ტრიბუნიდან? რამდენად საჭიროა დღეს ოპონენტებს - რუსოფობებს ქართული ოპოზიციიდან - საბაბი მიეცეთ, რომ კიდევ ერთხელ განაცხადონ - აქაოდა, რუსეთმა განგებ ცნო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რათა მომავალში ამ რესპუბლიკებს ეცნოთ ყირიმი და დონბასი, რადგან ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუსა და სირიის გარდა 15 წელიწადში ვერავინ დაიყოლიეს მათი დამოუკიდებლობის აღიარებაზე?

   ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რუსული სამხედრო ბაზები, სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვა ხორციელდება გარედან შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, რაც აქტუალურია ახალ გეოპოლიტიკურ რეალიებში - ეს წინადადეა ძალიან შეგაფიქრიანებს… ნაკლებად სავარაუდოა ზახაროვა შიშობდეს, რომ კოლექტიური დასავლეთი, რომელმაც ვერ გაბედა რუსეთთან ბრძოლა უკრაინაში, ამას სამხრეთ კავკასიაში გააკეთებს, თავს დაესხმება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს. მაშინ ვისი ეშინია რუსეთს, ოფიციალურმა თბილისმა ხომ ათასჯერ გამოაცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის უალტერნატივო მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ? ხოლო გასული წლის განმავლობაში მან კატეგორიული უარი განაცხადა კიევის არაერთგზის წინადადებებზე - შეუტიოს რუსებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რითაც „ორ კურდღელს“ მოკლავს - უკრაინასაც დაეხმარება რუსეთის შეიარაღებული ძალების თავისკენ მიზიდვით და ამავე დროს, საკუთარ ტერიტორიებსაც დაიბრუნებს? გამოდის, რომ მოსკოვს სიტყვების არ სჯერა, მაშ რა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირებაზე შეიძლება საუბარი ერთმანეთის მიმართ ნდობის გარეშე?!

   მოსკოვს რომ ქართველების სიტყვების არ სჯერა, ამაზე მიუთითებს ზახაროვას შემდეგი წინადადებაც: დაჟინებით ვცდილობთ მივიღოთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებები ამ ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამაში ვხედავთ რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის გარანტიას...“. მაგრამ თბილისში არაფერია ცნობილი ამ "მცდელობის" შესახებ - პირიქით, ქართველი ხალხი ხედავს, რომ რუსები ძალიან ენდობიან ქართველებს, რადგან ტურისტების საერთო რაოდენობაში, რომლებმაც საქართველოს ხაზინაში გასულ წელს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი დატოვეს, მესამედზე მეტი - 1 მილიონ 100 ათასი - რუსეთის მოქალაქეა. საქართველოს მოქალაქეებმა ასევე იციან რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის მოკლე ხანში გახსნისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების, მომავალ წელს რუსეთთან ახალი ავტომაგისტრალის გახსნისა და რუსულ-ქართული ექსპორტისა და იმპორტის ზრდის შესახებ.

   შემდეგ, ზახაროვას პასუხი არის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად გამიზნული ღონისძიებების დეტალური ჩამონათვალი, რაც მთლიანად გამორიცხავს იმპროვიზაციას და მიუთითებს იმაზე, რომ მისი პასუხი, სამწუხაროდ, კარგად იყო მომზადებული და გააზრებული. მაგრამ ზახაროვას უნდა ესმოდეს, რამდენად შეუფერებელია ბიუროკრატიული ზედმიწევნითობა ზოგიერთ გარდამავალ სიტუაციაში, როდესაც მიზანშეწონილია წინდახედული დუმილი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ეხლა კი, ვის უნდა ვენდოთ - ზახაროვას, თუ ლავროვსა და პუტინს, რომლებსაც, როგორც ჩანს, საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგებას აპირებენ?

P.S.

   უფროს თაობებს, რომლებმაც სსრკ-ში ცხოვრება მოასწრეს, კარგად ახსოვთ 1981 წელს ფართო ეკრანზე გამოსული საბჭოთა მხატვრული ფილმი "ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი", რომელშიც მთავარ როლებს საბჭოთა კინოს ვარსკვლავები ასრულებენ. ფილმის მოქმედება ვითარდება მატარებლის ვაგონში, რომლის ერთ კუპეშიც მგზავრობს კომისია, რომელმაც უარი თქვა პურის ქარხნის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერაზე მისი ნაკლოვანებების გამო, ხოლო მეორეში ინკოგნიტო - იმავე პურის ქარხნის თანამშრომლები, რომლებსაც სურთ დაარწმუნონ კომისია, ხელი მოაწეროს აქტს მატარებლის დანიშნულების სადგურზე მოსვლამდე. ამ უკანასკნელების მოყოლილი ამბებიდან კომისიის წევრები ნელ-ნელა ხვდებიან, თუ რამდენად უადგილო იყო მათი პრინციპულობა: თურმე ისინი ბინძურ თამაშში გამოიყენეს, რადგან ნაკლოვანებები, რის გამოც მათ თქვეს უარი აქტის ხელმოწერაზე, სპეციალურად იყო პროვოცირებული მაფიის, ტრესტის ხელმძღვანელობისა და „ობკომის“ მიერ, რათა სამსახურიდან დაეთხოვათ მათი მაქინაციების ხელის შემშლელი პატიოსანი ნიჭიერი ნოვატორები, ყველა ცოდვის მათთვის მიწერით. ფილმის ბოლოს კომისიის წევრები აცნობიერებენ - რა სავალალო შედეგების მომტანია მათი ზედმიწევნითობა და ხელს აწერენ ცარიელ ფურცლებზე პურის ქარხნის გულმოსული თანამშრომლის მიერ დახეული აქტის ნაცვლად...

   საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც რუსეთთან მეგობრობა სურთ, შიშობენ, რომ მოსკოვი კვლავაც დაკმაყოფილდება აფხაზეთზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მიმავალი უსაფრთხოების კავკასუირი წრით, და ამის გამო მთელ საქართველოს დაკარგავს, ამჟამად - უკვე საბოლოოდ. განა ზახაროვას ზემოხსენებული სიტყვები არ იძლევა ამგვარი შიშების საფუძველს?

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 20 თებერვალი
საქართველო, თბილისი