საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი ნამდვილად არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრად უფრო დარბილებულია - ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რითაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის შეფასებას გამოეხმაურა.
კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ "ევროპული კანონმდებლობისგან განსხვავებით, ამერიკული კანონი ბევრად უფრო უხეშია".
"ჩვენ დავარბილეთ! საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს საქართველოში, ეს არის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი.
მე რუსული კანონი არ წამიკითხავს და არ ვიცი. შეიძლება ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება ის ამით დაინტერესდა - მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ.
თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, რადგან ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, მათთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში არსებულ პროექტის თაობაზე და ამგვარმა კანონმა შეიძლება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეარყიოს. ამასთან, ნედ პრაისის განცხადებით, კანონპროექტი ეფუძნება არა ამერიკულ, არამედ, რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობას.