საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც დღემდე საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან, 14 თებერვალს განაცხადეს, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტზე უკვე შეიმუშავეს და პარლამენტში ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებენ. „სამოქალაქო საქართველომ“ კანონპროექტი პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთვამდე „ხალხის ძალისგან“ მოიპოვა.
კანონპროექტით სახელწოდებით – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უცხოელი გავლენების აგენტების რეესტრში მოხვდება:
ააიპ, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ; არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნულ მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან ან კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;
იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;
იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.
კანონპროექტით, უცხოურ ძალად მოიაზრება:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
„ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივით, სუბიექტმა ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვრის თვის განმავლობაში უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წერილობით უნდა მიმართოს.
ამასთან, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებულმა სუბიექტმა, რეგისტრაციის წლიდან ყოველი შემდგომი წლის იანვარში სააგენტოს ელექტრონულად შევსებული საფინანსო დეკლარაცია უნდა წარუდგინოს. გარდა ამისა, უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირებისგან თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა 25 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
კანონპროექტის ავტორები საკანონმდებლო წინადადების მიღების აუცილებლობას იმით ხსნიან, რომ ის უცხოური გავლენის აგენტების საქმიანობის გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნიან. მათივე განმარტებით, ცვლილებები არ შეზღუდავს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.
„ხალხის ძალის“ დეპუტატებმა საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში განაცხადეს და განმარტეს, რომ ცვლილებები „საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას“ ეფუძნება. მაშინ, მათ ისიც თქვეს, რომ „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ კანონპროექტსაც მოამზადებდნენ.
საგულისხმოა, რომ მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი გამოაკლდა და „ხალხის ძალას“ შეუერთდა, „ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ღირებულებით ნაწილში მათ შორის არსებითი განსხვავება არ არის, ამიტომ ისინი „გაყოფის მიუხედავად“, საპარლამენტო უმრავლესობაში ერთად დარჩებიან.
„ხალხის ძალის“ მიერ შემოშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციონერი დეპუტატების განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ინიციატივა მოიწონეს, ოპოზიციაში კი პირიქით, დაგეგმილი ცვლილებები გააკრიტიკეს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თვმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, ხედავდეს, ვინ როგორ და რა სახსრებით ფინანსდება. „გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს. საზოგადოებისთვის მაინცდამაინც ყველაფერი ნამდვილად არ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ ვინ რა ფონდით, საიდან და როგორ ფინანსდება და რაში იხმარს ამ თანხებს“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ საკანონმდებლო „ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ეს სივრცეც მოექცეს მსგავსი რეგულაციების პირობებში“.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ თუკი არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს, „ანალოგიური რეჟიმი ყველასთვის სასარგებლო იქნება“. „ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს პროცედურები უკვე ათეული წლებია მუშაობს. ერთი კონკრეტული ფაქტი, მაგალითად, ჩვენ რომ გავიგეთ მიხეილ სააკაშვილის ლობიზმის საფასური… ვისზე და რამდენი თანხა იყო გადახდილი, ეს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ანალოგიური ტიპის კანონის მოქმედებით არის განპირობებული“, – განაცხადა მან.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ კანონპტროექტის მთავარი მიზანი „დასავლეთთან ურთიერთობის მქონე“ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსების გამჭვირვალობა არ არის და საუბარი იმაზეა, რომ „ეს ხალხი“ ხელისუფლებას „ნერვებს უშლის“ და „მტრებად ჰყავს წარმოდგენილი“.
„ეს კანონპროექტი პირდაპირ უნდათ, რომ რუსეთიდან გადმოიტანონ… გაიხედავ, გამოიხედავ, 21-ე საუკუნეში, ინტერნეტის ეპოქაში, რუსეთში რასაც აკეთებენ, იმის გაკეთებას რომ ცდილობ, რატომ გინდა? ეს ჩემთვის ძალიან გაუგებარია“, – თქვა „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა და დასძინ, რომ „ეს არის ძალიან აღმაშფოთებელი“.
პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ კი – აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა „ამომრჩეველზე თამაშის“ მცდელობა და არა „რეალურდა პრორუსობა“. „ამიტომ არ ექნებათ წარმატება“, – ამბობს იგი.
წყარო: civil.ge