სამართალი
შსს-მ მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 თებერვალს განაცხადა, რომ „დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო“ მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ ქურდობის მუხლით დაწყებული გამოძიება შეწყვიტა, რომელმაც 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას, კედელზე საღებავით დაწერა – ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

სულაბერიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლების, აქტივისტებისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მათ მხატვრის წინააღმდეგ დაწყებული საქმის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით 12 თებერვალს ეროვნული გალერეის წინ საპროტესტო აქციაც გამართეს და ხელმოწერებიც შეაგროვეს.

სულაბერიძის საქმეს 13 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ (საია) გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხატვრის ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მსგავსი ტიპის გამოძიება ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლის მექანიზმია, რომლის მიზანიც სხვა პირებისთვის არის ერთგვარი მითითება/გაფრთხილება, გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვისგან შეიკავონ თავი“, – განაცხადეს „საია-ში“.