რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წიგნის „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ პრეზენტაცია გაიმართა

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით წიგნი „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.

ნაშრომი, რომლის ავტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნანა ბურჭულაძე, „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით დაიბეჭდა.

„კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს საქართველოს იმ უმთავრეს საგანძურს, რომელიც საუკეთესოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და თვითმყოფადობას. ამ პროცესის ნაწილია ჩვენი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და მისი გააზრების მნიშვნელობის შესახებ „საზოგადოება ივერიისას“ მიერ დაწყებული ახალი საზოგადოებრივი კამპანია. ეს ნაშრომი – „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“, რომელიც „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით დაიბეჭდა, ამ მიზანს ემსახურება“, – აცხადებენ „საზოგადოება ივერიისაში.“