აქტუალური
საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანაშრომლობის ოქმი გააფორმეს

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. სლოვაკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 14 თებერვალს სლოვაკ კოლეგასთან რასტისლავ კაჩერთან ერთად ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის ოქმს მოაწერა ხელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას ორი ქვეყნის საგარეო უწყებებსა და საელჩოებს შორის და ადასტურებს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ქმედით დახმარებას ევროინტეგრაციის გზაზე. დოკუმენტში ასევე აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სტრატეგიული მიზნებისა – გახდეს ევროპისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი.

ამასთან, დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია სლოვაკეთის საგარეო უწყების მზადყოფნა ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისა და წახალისების ხელშესაწყობად, მათ შორის, საკანონმდებლო და სექტორული დაახლოების გზაზე სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ხელმოწერას ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა უძღვოდა, რა დროსაც, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი და გლობალური საერთაშორისო გარემო და რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს. მინისტრებმა ყურადღება ყურდღება ასევე გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროზე, ამ მხრივ არსებულ დიდ პოტენციალზე და გამოთქვეს მზადყოფნა, მიმართონ ძალისხმევა ორი ქვეყნის ბიზნესწრეების დასაახლოებლად.

თავის მხრივ, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ასევე მიმოიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები, ევროპული და უსაფრთხოების დღის წესრიგი, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენები.

საქართველოსთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს და მოხარული ვარ მათი შემდგომი გაღრმავების ორმხრივი ინტერესით. ამას ასევე მოწმობს ოქმის ხელმოწერა, რომელიც რეგულარულ კონსულტაციებს ითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სტიმული იქნება“, – განაცხადა რასტისლავ კაჩერმა.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მანვე ქართველ კოლეგას უთხრა, რომ მიესალმება საქართველოს მიერ რუსეთის უკრინაში შეჭრის დაგმობას. მანვე აღნიშნა, რომ პატივს სცემს ქვეყნის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, თუმცა მოელის, რომ საქართველო აქტიურად აღკვეთს მათი გვერდის ავლის მცდელობებს.