საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 5.4 მილიონი შემოსვლა, რაც 2.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 4.7 მილიონი შეადგინა, რაც 2.7-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამასთან, უწყების მონაცემებით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 3.9 მილიონს მიაღწია, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 3.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 77.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
„2022 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 915.1 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 18.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.1 მილიონი), თურქეთის (925.6 ათასი) და სომხეთის (742.6 ათასი) მოქალაქეების მიერ. ვიზიტორების უმრავლესობა, 48.0 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.9 პროცენტს შეადგენდა“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
2022 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 53.6 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა კი განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 2.6 მილიონი და 2.1 მილიონი ვიზიტი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 69.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 10.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 297.7 ლარი შეადგინა.