თბილისის მერიის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკმა (აგბ), მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით დედაქალაქში სხვადასხვა პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტის განხორციელების მიზნით, 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი დაამტკიცა.
სასტუმრო „რედისონში“ აზიის განვითარების ბანკის, საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, ქვეყანაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
აზიის განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის აქტიური კონსულტაციების შედეგად განისაზღვრა იმ პროექტების ნუსხა, რომელიც ბანკის მიერ ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ესენია:– გორგასლის გვირაბი, რომელიც ძველი თბილისისთვის მნიშვნელოვანი იქნება და სანაპიროს ბევრად უფრო გავლადს გახდის;
– მეტრო „უნივერსიტეტის“ სადგურის დასრულება – ობიექტის მშენებლობა 2012 წელს განახლდება და პროექტის განხორციელება ორ წელიწადში დასრულდება;
– თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაცია;
– სამანქანო ხიდი მდინარე მტკვარზე, რომელიც ვეფხისა და მოყმის მიმდებარე ტერიტორიას დიდუბესთან დააკავშირებს. პროექტის განხორციელებით გაუმჯობესდება მოძრაობა მტკვრის ორივე სანაპიროზე და მაქსიმალურად განიტვირთება წერეთლის გამზირი.
„ნებისმიერი ინფრასტრუქტურა რეალურად კეთდება ერთი რამის გამო, იმისთვის, რომ თბილისი გახდეს დასაქმების ქალაქი. დასაქმების ქალაქი გახდება მაშინ, როცა ინფრასტრუქტურა იქნება გაუმჯობესებული, ინვესტიციები იქნება მოზიდული და, შესაბამისად, სამუშაო ადგილები იქნება შექმნილი. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და დღეს სწორედ ამ პროექტების განხილვა იქნება“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.