ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა, რომლის რეაბილიტაციაზეც, ოფიციალური ინფორმაციით, 24 მლნ ლარი დაიხარჯა, მეწყერმა წაიღო. გზაზე სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები და ავტობუსები ვეღარ მოძრაობენ. გზის რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება მსუბუქი ავტომანქანებისთვისაც სახიფათოა. დამეწყრილ ადგილზე მიწა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოწყდეს და მსხვერპლი გამოიწვიოს. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს გომბორის გზაზე შეზღუდვები ამ დრომდე არ დაუწესებია.
გომბორის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც ტარდება. 2-კილომეტრიანი მონაკვეთი ხელახლა მოასფალტდა, რადგან, მუშების თქმით, მეწყერის მიერ დაზიანებული გზის აღნიშნული მონაკვეთი შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა. საუბარი სწორედ იმ ადგილზეა, სადაც ხუთი თვის წინათ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა ასფალტის საფარის სისქე გაზომეს. ასფალტის საფარის სისქე, პროექტით გათვალისწინებული 7-12 სანტიმეტრის ნაცვლად, 3-4 სანტიმეტრი აღმოჩნდა.
სამუშაოების მწარმოებელ ზვიად ჯინჭარაძის თქმით, გომბორის გზაზე 2011 წლის 1 ივლისამდე ყველანაირი სამუშაო უნდა დასრულდეს. თუმცა მუშებს უჭირთ იმის თქმა, მოესწრება თუ არა რამდენიმე დღეში სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრება.
„დაზიანებული ადგილების რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხა არ გამოყოფილა და ყველაფერი იმ თანხით კეთდება, რომელიც გომბორის გზის მშენებლობისთვის გამოიყო. გზაზე 1 ივლისამდე ყველანაირი სამუშაო დასრულდება“, – განაცხადა ზვიად ჯინჭარაძემ.
კითხვაზე – რის საფუძველზე მისცა პრეზიდენტს „10-წლიანი გარანტია“, რომ „გომბორის გზას პრობლემა არ ექნებოდა“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი პასუხობს: „თავიდან ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის რეაბილიტაციის რამდენიმე ვარიანტი გვქონდა. იყო 500 მილიონად შეფასებული პროექტის განხორციელების ვარიანტიც, მაგრამ შედარებით იაფი პროექტი ავირჩიეთ, რადგან ამ გზაზე ინტენსიური მოძრაობა არ არის. გზის გახსნის დროს როცა ვთქვი, რომ ამ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა, ის მონაკვეთები ვიგულისხმე, სადაც მეწყერი არ არის. მაშინ ისიც ვთქვი, რომ ამ გზაზე იყო 12 მეწყერული ზონა და მიმდინარეობდა ამ ზონების გამოკვლევა და მათზე დაკვირვება. ეს კვლევა გზის მშენებლობის დაწყებამდე ვერ ჩატარდებოდა, რადგან ამ გზას დატვირთვა არ ჰქონდა. თუ გზაზე დატვირთვა არ მოვიდა, დაზიანებაც არ გაუჩნდება. ჩვენ ვიცოდით, რომ მეწყერი ამ გზაზე პრობლემებს შექმნიდა. ზაფხულში ყველა პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
http://www.ick.ge/ka/articles/6655-----photo.html