პოლიტიკა
კელი დეგნანი: აშშ-ის პოზიციაა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიყენონ პარლამენტი

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. აქციები მნიშვნელოვანი გზაა, მაგრამ სხვა გზებიც არსებობს, მათ შორის პარლამენტში მუშაობა, ადგილობრივ ხელისუფლებაში მუშაობა, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიყენონ პარლამენტი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად სწორად მიაჩნია ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირება და აქციების დაანონსება, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები ელოდებიან პოლიტიკური ლიდერების ერთობლივი მუშაობის შედეგებს გამოწვევების დასაძლევად და საქართველოს წინსვლისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი აზრის მშვიდობიანი გზით გამოხატვის თავისუფლება და უფლება. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი, აზრის გამოხატვა იყოს მშვიდობიანი და ეს არის ქვეყანა, სადაც ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი გზაა, მაგრამ სხვა გზებიც არსებობს ამის გასაკეთებლად, მათ შორის პარლამენტში მუშაობა, ადგილობრივ ხელისუფლებაში მუშაობა. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიყენონ პარლამენტი, რომელსაც ისინი ქმნიან ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსხვავებული მოსაზრებების შეჯერებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ეს არის ის, რასაც საქართველოს მოსახლეობა ელოდება. ისინი ელოდებიან პოლიტიკური ლიდერების ერთობლივი მუშაობის შედეგებს გამოწვევების დასაძლევად და საქართველოს წინსვლისთვის. ჩვენ ხშირად არ გვინახავს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ერთობლივი მუშაობა და ვიტყოდი, რომ ეს იმის გამო ხდება, რომ პარლამენტის შიგნით ვითარება რთული იყო და ამას ხშირად მივყავართ იქამდე, რომ ადამიანები ფიქრობენ, ერთადერთი ფორმა, რომლითაც მათ შეუძლიათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა, არის მშვიდობიანი პროტესტი“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.