საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს განაცხადა, რომ სამეგრელოში დაკავეს 2020 წლის ოქტომბერში ქალაქ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდამსხმელი, ბადრი ესებუა, რომელმაც მძევლად 43 ადამიანი აიყვანა და 500 000 აშშ დოლარი და უსაფრთხოების დერეფანი მოითხოვა.
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მას მერე, რაც თავდამსხმელს მოთხოვნილი თანხა მიუტანეს, მან მძევლების დიდი ნაწილი გაათავისუფლა და ბანკის შენობა 4 მძევალთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, რომელიც დამნაშავესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და სხვა მძევლებს სწორედ იგი ჩაენაცვლა. მაშინ, ესებუამ თანხასთან ერთად მიმალვა შეძლო სამართალდამცველები. მას ამ დრომდე ეძებდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, ესებუას დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ესებუას წინააღმდეგ გამოძიება იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს.
ბადრი ესებუას 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.