აქტუალური
თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან კიდევ 40 მაშველი გაემგზავრა

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ, კიდევ 40 ქართველი მეხანძრე-მაშველი შეუერთდება.

დამატებითი ჯგუფი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაშველები ქალაქ ადიამანში მყოფი ქართველი მაშველების იმ ჯგუფს შეუერთდებიან, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ სამაშველო ღონისძიებას და რომელთაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს.

ქართველი მაშველები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა და საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ გააცილეს.

სამაშველო ჯგუფები თურქეთში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ჩაერთნენ. მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას“, – აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.